“ზესტაფონმა” “ტორპედო” ქუთაისში დაამარცხა
2013 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი შემდეგი სცენარით წარიმართა – ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე ეუფლებოდა, სახიფათო მომენტები კი ნაკლებად იქმნებოდა. პირველი ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა – ნიკა საბანაძის ახლოდან დარტყმული მარგველთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოს კი ზედიზედ ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს უკვე ზესტაფონელებმა იყვნენ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ქუთათურები დიდ უსიამოვნებებს ორივეჯერ მათი კარის დარაჯმა მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა – მან ჯერ გიორგი ჭანკოტაძის ურთულესი დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ გასულ საბა ლომიას არ გაატანინა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0-0.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა სტუმართა კართან კიდევ ერთი მომენტი შექმნეს – გიორგი ხიდეშელის ჩაწოდების შემდეგ, კართან სახიფათო სიახლოვეს მყოფმა ლაშა ჭელიძე დაარტყა თავით, თუმცა როინ კვასხვაძე ცივსისხლიანად გაისარჯა. 56-ე წუთზე კი მარგველებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს – “ზესტაფონის” მორიგი შეტევის შემდეგ, მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ საბა ლომია გადიოდა, მისი დარტყმულ მცველებმა მოიგერიეს, თუმცა ბურთთან ყველაზე ადრე ავთო ენდელაძემ გაჩნდა და ის კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, ზემოიმერლები აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და მათ გატანის კიდევ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ – ჯერ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულ საბა ლომიას შეეძლო გატანა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავით დარტყმული ქვილითაიამ მოიგერია, მერე კი მეტოქის საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან თორნიკე გრიგალაშვილის უძლიერესი “გასროლილი” სულ მცირედით ასცდა მასპინძელთა კარს…
ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა, რასაც დიდწილად ხელი გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. სტუმრები ბურთს და ზოგადად თამაშის მიმდინარეობას მშვიდად აკონტროლებდნენ და თამაშისათვის განკუთვნილი დრო ისე გაილია, რომ “ტორპედოს” ანგარიშის სათავისოდ შეცვლის რეალური შესაძლებლობა არც მისცემია. ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
ქუთაისის “ტორპედოს” ინტერნეტ-გვერდის ფოტომასალა