ჰოლივუდური დასაწყისი
N შტატის N ქალაქის N სპორტული გუნდი მძიმე კრიზისშია. მოთამაშეები დუნედ და უნიათოდ თამაშობენ; ფიზიკური მზადყოფნის მაჩვენებელი ნოლს ქვემოთაა; ტექნიკა თითქმის ბოლომდე დაუჩლუნგებულია, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ხომ საერთოდ აღარავინ ფიქრობს. მთავარი კი დაბეჩავებული მორალური მდგომარეობაა: ბიჭები (ან გოგოები) ყველა მატჩზე წასაგებად გადიან და აგებენ კიდეც. გუნდი დამარცხებით შეწუხებულმა გულშემატკივარმაც მიატოვა, ცარიელ ტრიბუნებზე მხოლოდ რამდენიმე ერთგული ფანი (ოდნავ შერეკილო) ხრიალებს და საყვარელ გუნდს სამარეში მიჰყვება.
მას შემდეგ, რაც ამ დამთრგუნველ რეალობას ვეცნობით, ფილმში შემოდის მთავარი გმირი (რომლესაც, სხვათა შორის, პირადი ხასიათის არაერთი პრობლემა უღრღნის გულს) და იწყებს ჩვენი გუნდის გამოცოცხლებას. ამაღელვებელი მუსიკის ფონზე ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ წურავს მავანი გმირი შეგირდებს ოფლში და როგორ უბრუნებს მათ დავიწყებულ თვისებებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრუნებს საკუთარი თავი რწმენას და გამარჯვებაც ბრუნდება.
ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ჩვენი გუნდი პრინციპულ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში შთამბეჭდავ გამარჯვებას აღწევს და დიდების მწვერვლზე ადის. (აბა თუ დათვლით, რამდენი ასეთი ამერიკული ფილმი გაქვთ ნანახი).
ეს ფაბულა მაშინ გამახსენდა, როცა მეგობრებს საქართველოსა და ჰოლანდიის ფეხბურთლთა ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე წავყევი. ასე მითხრეს, კარგი ბიჭები არიანო, მაგათი იმედი გვაქვსო, ეს ეროვნული ნაკრებიდან დაიმატესო, ის ძალიან ნიჭიერიაო, ამას ყველა აქებსო… მოკლედ, წავედი და ვნახე, როგორ წააგო ამ ჩემმა იმედისმომცემმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 0:6. ჰოლივუდური დასაწყისი კი გულშემატკივრების ერთმა ჯგუფმა გამახსენა. ქართული ფეხბურთის ამ უცნაურმა ქომაგებმა სიმწრის ცრემლები და ყელზე მომდაგარი ლანძღვა-გინებაც კი ჩაიკლეს და თითქმის მთელი 90 წუთი საბრძოლო სიმღერები აგუგუნეს. ეს კი მოედანზე მიმდინარე უჯიგრობის ფონზე იმდენად კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, რომ ძალაუნებურად ამერიკელი ფანატები გამახსენა, რომლებიც ჰოლივუდური სცენარის მიხედვით, ფილმის ბოლოს დიდ ბედნიერებას ეწევიან ხოლმე.
ამის შემდეგ კი იმაზე დავფიქრდი, როდის უნდა დაიწყოს ქართულ ფეხბურთში ფილმის შუა ნაწილი, სადაც დიდი შრომა და ოფლისღვრაა ნაჩვენები, და რომელმაც ჰოლივუდურ „ჰეფი ენდამდე“ უნდა მიგვიყვანოს.
აქ კი გიორგი დევდარიანის ბოლოდროინდელი ინტერვიუ გამახსენდა. მე თუ მკითხავ, ეს სიტყვები, სულაც რევოლუციური იყო, მაგრამ განსაკუთრებული გამოხმაურების გარეშე დარჩა (როგორც საინტერესო მოვლენების უმრავლესობა ამ დალოცვილ ქვეყნაში). აი, რა თქვა დევდარიანმა:
“ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ის ყიდვის შემთხვევაში, ამოწურავს თავის მოტივაციას. ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია, სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით”.
რამდენი აზრი მოგვისმენია ქართული ფეხბურთის გასაჭირზე, სისტემურ კრიზისზე და ა.შ. მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს ეს პრობლემა განათლებისა (თუ გაუნათლებლობის) და ღირებულებათა სიმწირის კუთხით დაენახოს. არ მომისმენია, რომ ვინმეს ფეხბურთთან ერთად წიგნი ეხსენებინოს (თუ ვინმემ ახსენა და მე გამომრჩა, მაპატიეთ. ასეთები ძალიან ცოტანი ხართ, ძმებო) და ამით მიენიშნებინოს, რომ ახალგარზდა მობურთალებს არასწორად ვზრდით და რომ მხოლოდ „პად სებიას“ ცოდნა თამაშებს ვერ იგებს.
იმის თქმაც თავხედობა იქნება, რომ სხვა სპორტსმენები კითხვით თავს იკლავენ და მხოლოდ ფეხბურთელები არიან უწიგნურნი, მაგრამ სხვების ფონზე ამ ულამაზესი თამაშის მიმდევრებს აშკარად ეტყობათ, რომ გაურკვევლობაში არიან და თავადაც ვერ მიმხვდარან, რა უნდათ და რისი მიღწევა შეუძლიათ. არ სჯერათ, რომ მწვერვალები მხოლოდ რონალდოებს, ზიდანებს და მატერაცებს არ ეკუთვნით. არ სწამთ, რომ შრომას აზრი აქვს და შედეგიც შესაბამისი მოაქვს. ამიტომაც ივიწყებენ ბავშვობის ოცნებს და ჩერდებიან BMW-ზე.
როცა მსჯელობა გამოსავლის ძიებას მიადგება ხოლმე, ზოგი ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას ასახელებს, ზოგი ახალი ბაზების აშენებას, ზოგი მწვრთნელბის გადამზადებას ან ბავშვების უკეთეს სელექციას. იქნებ ამ ყველაფერს ამ ბავშვების შინაგნი სამყაროს მოწესრიგება ჯობდეს და „სამი მუშკეტერის“ ან „უთავო მხედრის“ წაკითხვამ უკეთესად მოგვიგვაროს პრობლემები მოედანზე, ვიდრე მრავალმილიონიანი ბაზების მშენებლობამ.
იმის გარანტიას, რომ წიგნის კითხვა ჩვენ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს, ვერც მე მოგცემთ და ვერც გიორგი დევდარიანი, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. ყველაფერი უნდა ვცადოთ და რაღაც აუცილებლად გაამართლებს. აბა როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ჰოლივუდურ დასაწყისში ჩარჩენილები?!