ჩემპიონების შეხვედრა „დილასთან“
30 ნოემბერს გასამართი მატჩის წინ, გორში სასტუმრო „ვიქტორიაში“ შედგა შეხვედრა გორის „დილას“ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და გორის სხვადასხვა სპორტის სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შორის.
კლუბს შეხვდნენ ვეტერანი მოკრივე გიორგი კანდელაკი – მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი, სამბო დავით კარბელაშვილი – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, სამბო ნიკოლოზ ბიბილაშვილი – ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლადო ხინჩაგაშვილი – ლონდონის ოლიმპიადის II პრიზიორი და ევროპის II პრიზიორი, გენო პეტრიაშვილი – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი უფროს ასაკში, ოთარ თუშიშვილი – ოლიმპიადის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი – მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მოკრივე რატი ტლაშაძე.
შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ზემოთ ჩამოთვლილმა სახელოვანმა სპორტსმენებმა თანადგომა და გულშემატკივრობა აღუთქვეს თითოეულ ფეხბურთელს და წარმატებები უსურვეს სპორტულ კარიერაში.
შეხვედრის გახსნის შემდეგ, პირველი სიტყვა ბატონმა გიორგი კანდელაკმა წარმოთქვა.
გიორგი კანდელაკი: „ჩვენი სურვილი იყო რომ დღეს შევხვედროდით ჩვენი ქალაქის გუნდის წარმომადგენლებს. ევროპის ლიგაზე ნათამაშები ლამაზი ფეხბურთით არაერთი სიხარული მიანიჭეთ როგორც ქალაქ გორს, ასევე მთლიანად საქართველოს. გვინდა იცოდეთ, რომ თითოეული აქ მყოფი გამოჩენილი სპორტსმენი თქვენს გვერდითაა და ბოლომდე გიჭერთ მხარს.“
ოთარ თუშიშვილი: „მადლობა დღევანდელი შეკრებისათვის. გორი სპორტული ქალაქია, რადგან აქ ყოველთვის იყვნენ სახელოვანი სპორტსმენები. თითოეული თქვენთაგანი ჩვენი ქალაქის სახე ხართ და ყველა აქ მყოფი მხარში გიდგავართ და გგულშემატკივრობთ.“
დავით კარბელაშვილი: „გვიხარია, რომ აქ ვართ და მოგვეცა საშუალება რომ პირადად გაგცნობოდით და თანადგომა აღგვეთქვა თქვენთვის. ყველგან და ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით.“
ლადო ხინჩაგაშვილი: „ვთვლი, რომ გორის „დილა“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში და თითოეული ჩვენგანი გვერდში გიდგავართ და გგულშემატკივრობთ მთელი გულით.“
ასევე ფეხბურთელებს მიმართეს სხვა სპორტსმენებმაც. მობრძანებულ სტუმრებსა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადეს კლუბის ხელმძღვანელებმა, ხოლო ფეხბურთელების სახელით ირაკლი მოდებაძემ.
და ბოლოს, მთავარი მწვრთნელის ინიციატივით შეთანხმდნენ, რომ პირველი წრის დასრულების შემდეგ გამართავენ მეგობრულ შეხვედრას ფეხბურთში.
„დილას“ პრესსამსახური