პოლ პოგბა – „ოქროს ბიჭუნა“
წელს Golden Boy-ს ჯილდო ტურინის „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ პოლ პოგბას გადაეცა. ეს ჯილდო იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ დააწესა და გამოკითხვის შედეგად ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა. პოგბამ 256 ქულა მოაგროვა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ რომელუ ლუკაკუს მონაგარს.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგება. ოქროს წელიწადი მქონდა: პირველი ტიტული ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახება… ვიმედოვნებ, არც 2014 წელი იქნება ცუდი. მინდა, რომ ყველაფერი მოვიგო. ეს სრულიად რეალური ოცნებაა, თუმცა ჩემს შესაძლებლობებსაც შეგნებულად ვაცნობიერებ. ახლა ჩემი მთავარი მიზანი „იუვენტუსთან“ ერთად კიდევ ერთი ტიტულის მოგებაა. ჩემპიონთა ლიგა? იმედი მაქვს, ტურნირის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოვიპოვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ“, – პოგბას სიტყვები „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი