“ტორპედოს” უახლოესი მიზანი – მოგების გახსენება ცხინვალის „სპარტაკთა
5 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის გაიმართება, რომელშიც ს/კ „ტორპედო“ ცხინვალის „სპარტაკს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
სათქმელია, რომ აღნიშნული გუნდები მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად იცნობენ ერთმანეთის შესაძლებლობებს. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ეროვნული თასის მერვედფინალური ეტაპის ორმატჩიან დუელში „ტორპედომ“ სწორედ მისი მომდევნო მეტოქე გამოთიშა გათამაშებას, რასაც დიდი ენერგია შეალია – შინ და სტუმრად გამართული ორივე მატჩის ერთნაირი ანგარიშით(2:2) დასრულების შემდეგ, გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა, რამაც მიუხედავად გამარჯვებისა, ქუთაისელთა ნერვიულობის გარეშე არ ჩაიარა(6:5). ამ სათასო დუელებში, ისევე, როგორც ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ურთიერთშეხვედრაში, „სპარტაკს“ ვლადიმერ ხაჩიძე თავკაცობდა, რომელმაც გუნდი სწორედ „ტორპედოსთან“ გამოვარდნის შემდეგ დატოვა. მას მერე კი სპარტაკელებს კახა კაჭარავა მოძღვრავს, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩები წარმატებული გამოდგა(„ვიტ ჯორჯია“ 3:1, „მერანი“ 1:0), რასაც ვერ ვიტყვით ბოლო ორ თამაშზე: „სიონთან“(2:3) და თბილისის „დინამოსთან“(0:4).
მიმდინარე ჩემპიონატის პირველი პაექრობა ვახსენეთ და აქვე 1 სექტემბერს გამართული მატჩის პროტოკოლსაც წარმოგიდგენთ – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=204
რასაკვირველია, აუტსაიდერთა რიგებში მყოფი „სპარტაკი“ ამ სეზონში „ტორპედოსთან“ ორივე ასპარეზზე განცდილი მარცხისთვის ქუთაისში რევანშის ასაღებად ჩამოვა. მასპინძლებს კი გამარჯვება ყველანაირი თვალსაზრისით, ჰაერივით ჭირდებათ, რაშიც ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს უკვე დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი კუხიანიძეც დაეხმარებათ, თუმცაღა ზედმეტი „ყვითლების“ გამო ერთი დანაკლისი მაინც გვეყოლება მათე ცინცაძის სახით. ამავე მიზეზით ჩვენს მეტოქეს ლაშა ჩაფიძე დააკლდება.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (პირველ სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის სახელი “ქუთაისი” იყო) ცხინვალელთა სახელით მოთამაშე სამ გუნდსაა(„ლიახვი“, „ცხინვალი“ და „სპარტაკი“) შენახვედრი. სულ გუნდებს შორის 12 მატჩია(1-შიც კი „ლიახვი“ არ გამოცხადდა) გამართული, აქედან 7 „ტორპედომ“ მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, 2-ში კი ცხინვალელებმა გაიმარჯვეს.
ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა ცხინვალური გუნდი 1990 წლის 25 ივნისს დაამარცხეს – 6:0, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება კი 2007 წლის 5 ნოემბრით თარიღდება – 0:4.
აქვე გთავაზობთ „ტორპედოს“ მეგოლეებსაც, რომლებსაც სხვადასხვა დროს ცხინვალური გუნდების კარი აქვთ აღებული:
2 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკა საბანაძე, თენგიზ ჩიკვილაძე
1 გოლი – თემურ ფაიქიძე, იასონ ბზიკაძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია, ლევან კორღალიძე, გიორგი ყიფიანი, რევაზ კვერნაძე, მამუკა ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე თარხნიშვილი.