უჰრინის ბოლო მატჩი
ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის უკანასკნელი შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა. თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი, დინამოელთა დამრგიებელმა, დუსან უჰრინმა გუნდიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება. ჩეხი სპეციალისტი “ვიქტორია პლზენში” გააგრძელებს კარიერას. მატჩის დასრულებისთანავე უჰრინი “გლადიატორების” ტრიბუნასთან მივიდა და ერთგულ გულშემატკივარსაც გამოემშვიდობა.
რაც შეეხება შეხვედრას. მატჩი თბილისელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ლანჩხუთელებმა შესძლეს თამაშის გათანაბრება, რამოდენიმე მომენტიც შექმნეს და ლოგიკური გოლიც გაიტანეს. 28-ე კოშკაძის ჩამოწოდებულ კუთხურს, ვილი ისიანი გამოეხმაურა და სტუმრებიც დაწინაურდნენ. ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ გოლის გატანას. მომენტები მერებაშვილს, ვუოს და ჩისკოს ჰქონდათ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ნახევარში გურიამ ვეღარ გაუძლო დინამოელთა შეტევებს. 59′ წუთზე ჩისკომ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა პატრიკ ვუოს ანგარიშზეა, რომელსაცს გოლი არ გაუტანია, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა ჩაატარა. მეორე გოლი “დინამომ” 80-ე წუთზე გაიტანა. მერებაშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ბობღიაშვილს შორეულ კუთხეში გაუტანა.
შეხვედრაში წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა დვალმა დასვა. 89-ე წუთზე შეტევაში წასულ ლანჩხუთელებს კონტრშეტევა გამოეპარათ. მეკარესთან პირისპირ გასულ პატრიკ ვუოს დარტმული ძელმა მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთზე ყველას მერებაშვილმა დაასწრო. გიორგიმ უკეთეს პოზიციაში მყოფ დვალს უპასა და ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია – 3:1.
დინამო 3:1 გურია
გოლები: 0:1 ისიანი 28’ ; 1:1 ჩისკო 59’ ; 2:1 მერებაშვილი 80’ ; 3:1 დვალი 90’
დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (პაპუნაშვილი 64’), გლიშიჩი (მიქაბერიძე 58’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 83’), კვირკველია, ვუო
გურია: ბობღიაშვილი, შენგელია, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (გაჩეჩილაძე 46’), კილაძე, კოშკაძე, ისიანი, ჯოხაძე (ტორონჯაძე 69’)
მატჩის შემდეგ
რომან პოკორა – ლანჩხუთის გურია მატჩამდე რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ჩემს გუნდს თამაშამდე სრულფასოვანი ვარჯიშები არ ჩაუტარებია. როგორც მწვრთნელი დაფიქსირებული რეზულტატით კმაყოფილი ვერ ვიქნები. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მეტოქემ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა, თანაც დინამოს გაცილებით უკეთესი სათადარიგოთა სკამი აქვს და ეს მათ ასპარეზობაზე აისახება კიდეც.
დუშან უჰრინი – პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენ ვმარცხდებოდით. ფეხბურთელები გრძელი გადაცემების შესრულებისას მრავლად უშვებდნენ შეცდომებს. დღევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ. სასიამოვნოა, რომ უახლოეს მდევარს უკვე ექვსი ქულით გავუსწარით.