ლეგიონის ამბები
გთავაზობთ გასულ უიკენდზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების მონაგარს.
სერია B-ში შაბათს “ემპოლი” “კროტონეს” ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. ლევან მჭედლიძემ 15 წუთი ითამაშა. ირაკლი შეყრილაძე განაცხადში არ ყოფილა. “ემპოლი” ჩვიდმეტი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “პალერმოს”.
ჰოლანდიაში “ვიტესი” დამაჯერებელ სვლას აგრძელებს. “ქართულმა” კლუბმა სტუმრად “პსვ” დაამარცხა დიდი ანგარიშით – 6:2. გურამ კაშია როგორც ყოველთვის სასტარო შემადგენლობაში იყო და ყვითელი ბარათიც მიიღო. ჭანტურია-ყაზაიშვილის წყვილი კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. საინტერესოა, რომ “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტრ ბოსმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.
თურქულ სუპერლიგაში კვლავ დამარცხდა ხიზანიშვილის “ქაისერისპორი”. ქართველი მცველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თუმცა “ქარაბიუქსპორმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” 1:1 ითამაშა “ანტალიასფორთან”.
რუსეთში “კრილია სოვეტოვმა” სტუმრად “ვოლგა” დაამარცხა – 2:1. სამარელების შემადგენლობაში ტრადიციულად სრული შეხვედრა ჩაატარა ამისულაშვილმა.
მახაჩკალაში “ანჟიმ” კრასნოდარის “კუბანი” მიიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ.
მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ყაზანის “რუბინის” შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. რუბინის შემადგენლობაში საბა კვერკველიამ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა. რუსულმა გამოცემებმა ახალგაზრდა ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
პორტუგალიაში “ჟილ ვისენტე” სახლში ლისაბონის “სპორტინგთან” დამარცხდა – 0:2. ავთო ებრალიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა.
დანიურ სუპერლიგაში კიდევ ერთხელ დამარცხდა “ოლბორგი”. ამჯერად “მიდტიულანდთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში – 3:0. “ოლბორგის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა დევდარიანმა. სხირტლაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. ქართველების გუნდი თვრამეტი ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა დანიურ სუპერლიგაში.
პოლონურ ექსტრაკლასაში დაჩი ფოფხაძის და ნიკა ძალამიძს “იაგელონიამ“ “პოგონთან” 1:1 ითამაშა. ფოფხაძე სასტარტოში იყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ძალამიძეს კვლავ ტრავმა აწუხებს.
დვალიშვილის “ლეგია” გდანსკის “ლეხიასთან” დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე არ გასულა.