“საბურთალო” და “ვი-თი-ბი” დამეგობრდნენ
დღეიდან, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” და ბანკი “ვი-თი-ბი” დამეგობრდნენ – ამიერიდან, ჩვენი კლუბის გენერალური სპონსორი სწორედ “ვი-თი-ბი” ბანკი გახდა. ორშაბათს, “ბენდელას” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში აღნიშნული ხელშეკრულების პრეზენტაცია გაიმართა.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტმა ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და “ვი-თი-ბი” ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ბატონმა ვალერიან გაბუნიამ ორმხრივ თანამშრომლობას ჩაუყარეს საფუძველი.
რა თქმა უნდა, ჩვენი კლუბისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი ფაქტია. ბანკი “ვი-თი-ბი” საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაციაა. აღნიშნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია, “ვი-თი-ბი” ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
ვიდრე, მხარეები ოფიციალურად და საზეიმო ვითარებაში მოაწერდნენ ხელს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მანამდე მასმედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა:
ტარიელ ხეჩიკაშვილი (“საბურთალოს” პრეზიდენტი):
მნიშვნელოვანია დღეა ჩვენი კლუბის ისტორიაში. ისეთი წარმატებული ბანკი, როგორიც “ვი-თი-ბია”, ჩვენი გენერალური სპონსორი იქნება. ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა, პირველი ლიგის გუნდი კი არა, უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებიც არ იტყოდნენ უარს მსგავს შეთავაზებაზე.
როგორც ბიზნესმენი, შემიძლია განვაცხადო, რომ “ვი-თი-ბი” ძალიან მაღალი დონის ბანკია, ეს არის ჩვენი წარმატების საწინდარი. ჩვენ ხვალინდელ დღეზე ვართ ორიენტირებულნი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კლუბმა მომავალში დიდ მიზნებს მიაღწიოს. მჯერა, ეს ბედნიერი დროც მალე დადგება და ამ ყოველივეს ერთად ავღნიშნავთ.
იმედია, ჩვენი კონკურენტებიც მოგვბაძავენ და მსგავს ნაბიჯებს გადადგამენ, ამით კი ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნება, რაც საწინდარი იქნება ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის”.
ვალერიან გაბუნია (“ვი-თი-ბი” ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი):
“ჩვენ თავიდანვე ორი ძირითადი მიმართულება ავირჩიეთ – სპორტი და კულტურა. შესაბამისად, ვცდილობთ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნის სხვადასხვა სპორტულ გუნდსა თუ თეატრს.
გვყავს რაგბის გუნდი, ახლა უკვე საფეხბურთო მიმართულებითაც გავაკეთეთ არჩევანი. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონიანი ინვესტიცია ჩავდევით, მსგავს ნაბიჯებს მომავალშიც გადავდგავთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკი “საბურთალოს” გენერალური სპონსორია, იმედი მაქვს მომავალში უფრო მჭიდრო ურთიერთობას დავამყარებთ.
გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიზარდოს და შემდეგ დიდ ფეხბურთში შეაბიჯონ ფეხი. იმედი მაქვს ჩვენი მხარდაჭერა კლუბს სასიკეთოდ წაადგება”.
ბოლოს კი გეტყვით, რომ აღნიშნული კონტრაქტი 1+3 სისტემით არის შედგენილი.
FCSABURTALO.COM