ამინდის კაპრიზები და “ზესტაფონის” შეკრება თბილისში
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 14 დეკემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ზესტაფონელებმა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” უნდა უმასპინძლონ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დიდი თოვლი მოვიდა. გამონაკლისი არც ზესტაფონი გახლავთ. ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ ხერხდება. მინდვრის საფარი თოვლის 40-სანტიმეტრიანი ფენითაა დაფარული. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ზემო იმერეთში კვალავაც თოვს.
აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცხინვალელებთან მატჩისათვის ქვეყნის დედაქალაქში მზადების შესახებ. გუნდი თბილისში დღეს შეიკრიბა და საფეხბურთო კლუბ “ოლიმპიკის” ბაზაზე ემზადება.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სადღეისოდ შექმნილი ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური