საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა “თანამეგობრობის თასზე” ასპარეზობის მოპატიჟება მიიღო
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ მიიღო ოფიციალური წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის ნიკოლაი ტოლსტიხისგან, რომლის შესაბამისადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი (1993 წლის 1 იანვრამდე ან მას შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი) მიწვეულია 2014 წლის იანვარ-თებერვალში, სანკტ-პეტერბურგში გასამართ რიგით 22-ე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე – “თანამეგობრობის თასი”.
აღნიშნული ტურნირი ყოველი წლის იანვარში იმართება რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევს.
წელს ტურნირში იასპარეზებენ რუსეთის, ესტონეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, თურქმენეთის, მოლდოვის, ლატვიისა და ბელორუსიის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.
ტურნირი 22 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წერილისა და შემოთავაზების განხილვა სფფ-ში უკვე მიმდინარეობს.
სფფ-ის პრესსამსახური