კასილასი „არსენალში“?
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილასი შესაძლოა ლონდონის „არსენალში“ აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ კასილასი ამ დრომდე ვერ ახერხებს გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დიეგო ლოპესის ამოგდებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მეკარის მიმართ ინტერესს „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იჩენს.
გარდა ამისა, ვოიცეხ შჩესნიმ ამ დრომდე ვერ დაარწმუნა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი, რომ მასზე სრულად დაყრდნობა შეიძლება. ესპანური El Confidencial-ის ცნობით, შექმნილი მდგომარეობით იკერიც უკმაყოფილოა და ის არც მადრიდის დატოვების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას დამდეგ ზაფხულს ელიან.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის კასილასი „რეალის“ ღირსებას 1998 წლიდან იცავს. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.
ბექა დოგრაშვილი