“საბურთალომ” და “ატლეტიკომ” პრესკონფერენცია გამართეს
დიდი სტუმრიანობა და ფაცი-ფუცია “საბურთალოს” სკოლაში – მოგეხსენებათ, რომ ხვალ სტარტს იღებს “სალერის თასის” საერთაშორისო გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი გუნდის გარდა მადრიდის “ატლეტიკო”, “მაქაბი ჰაიფა” და უკრაინული “დნიპრო” მიიღებენ.
ბუნებრივია, ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტია. მსგავსი დონის გუნდების სტუმრობა საკლუბო დონეზე, კარგა ხანია ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, რაც საბჭოთა კავშირს გამოვეყავით და დამოუკიდებლად დავიწყეთ ფეხბურთის თამაში, მას შემდეგ საქართველოში ისეთი დონის კლუბი, როგორიც მადრიდის “ატლეტიკოა”, საქართველოს არ სტუმრებია. მართალია, აქ საუბარია 16-17 წლის ჭაბუკებზე, თუმცა ამ შემთხვევაში ამას არა აქვს მნიშვნელობა.
დღეს “ბენდელას” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ლამაზი და ისტორიული ფურცელი ჩაიწერა კლუბის ისტორიაში – საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე წარსდგნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, ესპანელთა მხრიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაკოს საიასმა და თანაშემწე ალვარო საიბერამ ისაუბრეს:
ტარიელ ხეჩიკაშვილი (“საბურთალოს” პრეზიდენტი): “პირველ რიგში გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს! მშვიდობა ყოფილიყოს საქართველოში და მრავალ ამ დღეს დაგასწროთ უფალმა! იმედია, “საბურთალოს” დაებედება ისეთი დონის კლუბების სტუმრობა, როგორებიც არიან მადრიდის “ატლეტიკო, “დნიპრო”, “მაქაბი”. მათი სტუმრობა საქართველოში არის ერთგვარი აღიარება და ჩვენი კლუბის დაფასება. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და ვმუშაობთ.
სტუმრად იმყოფებიან მადრიდის “ატლეტიკოს” წარმომადგენლები, რაც უდიდესი მოვლენაა, როგორც ჩვენი კლუბისთვის, ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. მათთან ურთიერთობა უფრო გაგვიადვილებს და კიდევ უფრო გაგვიხსნის გზას ევროპისკენ, იმ დიდი კლუბებისკენ, რომლებიც მოწინავეთა შორის იმყოფებიან. მადლობა ესპანელებს იმისთვის, რომ ჩამობრძანდნენ და დაგვაფასეს, ჩვენც ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ იმედები გავამართლოთ და როგორც ტურნირის ორგანიზებით, ასევე თამაშით, კარგად წარმოვაჩინოთ თავი.
ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს ელჩს ესპანეთში ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს. ასევე მადლობა გიორგი ყიფიანს, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს. “მაქაბის” სტუმრობა სწორედ მისი დამსახურებაა.
ამ ტურნირისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. შეიძლება წლეულს გუნდების რიცხვი კიდევ გარდზილიყო და ბევრ სოლიდურ კლუბებს სურდათ “სალერის თასზე” ასპარეზობა, მათ შორის ტურინის “იუვენტუსსაც”, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ამ გუნდებზე გავაკეთეთ არჩევანი. მინდა გითხრათ, რომ ყველა კლუბს ჩვენი ხარჯებით ვუმასპინძლდებით, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ მადრიდელებთან. დიდი შანსია მოხდეს ფეხბურთელების გაცვლა, გვექნება მათგანაც შეთავაზებები და ჩვენც გავემგზავრებით საერთაშორისო ტურნირებზე. აგვისტოში მადრიდში ვიმყოფებოდი და მომავალში ვგეგმავთ ერთობლივ პროექტებს.
აქვე შემიძლია გითხრათ, რომ “სალერის თასის” წლევანდელ ტურნირს, ბევრი სკაუტი დააკვირდება, მათ შორის იქნებიან “ლივერპულის” წარმომადგენლები, იტალიური კლუბების მენეჯერები.
კახა ჭუმბურიძე (“საბურთალოს” გენერალური დირექტორი): მეც ვუერთდები მილოცვას და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის ისეთი დიდი კლუბების წინააღმდეგ ასპარეზობა, როგორებიც არიან “ატლეტიკო”, “მაქაბი”, “დნიპრო”. თავისთავად, ამით ჭაბუკები დიდ გამოცდილებას იძენენ, რაც მომაავალში უთუოდ წაადგებათ. ეს ის ასაკია, სადაც მრავლად გვყავს ფეხბურთელები სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, მათ ეძლევათ შანსი, რომ თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, ევროპული კლუბები დააინტერესონ.
შარშან “სალერის თასზე” “მალაგა” და “ვიტესი” იყვნენ, წლეულს ევროპული კლუბების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და სოლიდური გახდა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავლად ითამაშებენ ჩვენს ტურნირში გუნდები.
არ შემიძლია მადლიერების გრძნობა არ გამოვხატო “იბერია ბიზნეს ჯგუფსა” და მის პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილზე. სწორედ, ამ ადამიანის მხარში დგომით ხდება ამ ყოველივეს გაკეთება და გვანებივრებს ასეთი მაღალი დონის კლუბების მოწვევით. მჯერა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაივლის და ბევრ საინტერესო თამაშს ვიხილავთ. გულშემატკივარიც მრავლად მოვა სტადიონზე და სრული საზეიმო განწყობა იქნება”.
პაკოს საოსი (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “პირველად ვარ საქართველოში და მეძლევა საშვალება თქვენი ქვეყანა უფრო ახლოს გავიცნო. საქართველოზე მხოლოდ გადმოცემით მსმენია. განწყობა საბრძოლო და დადებითია, ტურნირის მოსაგებად ვართ ჩამოსულები და მჯერა მიზანს მივაღწევთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “საბურთალოს”, რომ მსგავს ტურნირზე დაგვპატიჟა.
ზოგადად ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობ, თუმცა ჩვენი კლუბის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს მისი სახელი და გვარი ნიკოლოზ კვანტალიანია. გვინდა უკეთესად გავიცნოთ ქართული ფეხბურთი, ამის კარგ საშვუალებას სწორედ “საბურთალო” გვაძლევს. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ორივე მხარეს დადებითად წაგვადგება.
ამ ეტაპზე ჩვენი გუნდიდან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ფეხბურთელები არ გვყავს, თუმცა ბევრი პერსპექტიული და ნიჭიერი ჭაბუკი თამაშობს. მადრიდის “ატლეტიკოს” ხელწერა სწრაფი და დინამიური თამაშია, ვეცდებით გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა შევთავაზოთ”.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ როგორც კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, 21 დეკემბერს, როდესაც მონაწილე გუნდები ოფიციალური მატჩებისგან ისვენებენ, “ბენდელაზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება ყოფილი ფეხბურთელის კახა ახალაძის დასახმარებლად, რომელიც მძიმე სენითაა ავად.