მერანი vs დინამო – მატჩამდე
19 დეკემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად სამტრედიაში, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის ტექსტური რეპორტაჟს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.
ჩვენი მეტოქე
მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მარტვილის მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008 წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008–2009 და 2009–2010 წლების სეზონებში. 2009–2010 წლების სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010–2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მარტვილის მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011/2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნაჩვენების შედეგის შემდეგ, ქვედა ექვსეულში გაატარა, სადაც გუნდი მხოლოდ რუსთავის მეტალურგს ჩამორჩა.
მწვრთნელი და მერანი
მარტვილის მერანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შვიდი წლის მანძილზე 37 წლის მალხაზ ჟვანია მუშაობდა, რომელიც დღეს, ჩვენი გუნდის თავკაცი გახლავთ. მალხაზ ჟვანიასთან ერთად მარტვილის მერანმა არაერთ ლოკალურ წარმატებას მიაღწია. მისი თავკაცობით მერანმა არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ნახევარფინალში, პირველი ლიგაში მოპოვებული მეორე ადგილის შედეგად მერანმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილი ტრადიციად აქცია. ამჟამად მარტვილელთა მთავარი მწვრთნელი კი კახაბერ ჩხეტიანი გახლავთ. მისი თავკაცობით მერანმა 10 ჩატარებული შეხვედრიდან 8 წააგო, 2 კი ფრედ ითამაშა.
დინამომდე…
დინამო არენაზე გამართული დინამო 4:2 მერანის შემდეგ ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 11 მატჩიდან 9 წააგო, 2 ფრედ დაასრულა. მოწინააღმდეგეთა კარში 4 ბურთი გაიტანა, სანაცვლოდ კი 24 ბურთი მიიღო.
დინამო VS მერანი
დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 7–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 19:9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 29 სექტემბერს გაიმართა. დინამო არენაზე თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 4:2 დაამარცხეს. თბილისელთაგან ორი გოლი დავით კვირკველია, თითო კი პატრიკ ვუომ და ირაკლი ძარიამ გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში თბილისელთა მსგავსად ფეხბურთელებს არც მარტვილელები მოისაკლისებენ. გუნდები სამტრედიაში გასამართ მატჩს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.
მერანი VS დინამო – მსაჯი
შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სამტრედიაში მარტვილის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ო. ხეცაძე შეასრულებს.
მერანის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
შეროზია, გაბუნია, ღონღაძე, მელიავა, გეგეჭკორი, ბაბუნაშვილი, ხუბუა, კერძევაძე, ფონიავა, კუჭუხიძე, შულაია
FCDinamo.GE