“საბურთალომ” “მაკაბი ჰაიფა” დაამარცხა
“სალერის თასის” პირველი დღის მეორე შეხვედრაში “საბურთალომ” “მაკაბი ჰაიფას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საბურთალოელებმა იძალეს და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს. მართალია, შეხვედრა უხეში არ იყო, თუმცა გუნდებმა მატჩი 10-10 ფეხბურთელებით დაასრულეს.
თემურ შალამბერიძის შეგირდებმა მატჩი აქტიურად და მობილიზებულად დაიწყეს. საწყის 45 წუთში მასპინძლები სრულად აკონტროლებდნენ თამაშს და ერთი-მეორის მიყოლებით მრავლად შექმნეს სახიფათო მომენტები. დებიუტში ლუკა ბლიაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მალე გიორგი თევზაძემ დაარტყა ცაციათი, მაგრამ მეკარე იდან რობინოვმა ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია. მასირებულმა შეტევებმა შედეგი 30-ე წუთისთვის გამოიღო, როდესაც კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა მოხდენილი დარტყმით სტუმართა კიპერი უშანსოდ დატოვა – 1:0.
შესვენებაზე, ვიდრე ფეხბურთელები მწვრთნელებისგან დარიგებებს იღებდნენ, მანამდე გულშემატკივრები, რომლებიც მრავლად იყვნენ “ბენდელაზე”, “სალერის თასთან” დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ჩვენს არენაზე ბევრ საინტერესო ადამიანს მოჰკრავდი თვალს – ხუმრობა ხომ არაა ისეთი დონის კლუბების მასპინძლობა, როგორებიც “ატლეტიკო”, “დნიპრო” და “მაკაბი” არიან. პირველივე დღემ აჩვენა, რომ ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია – მატჩს თვალს ადევნებდნენ, როგორც სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, ესპანური და უკრაინული კლუბების ხელმძღვანელები. ტრიბუნებზე ებრაელ გულშემატკივრებსაც შენიშნავდით, ასევე იყვნენ სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებიც.
რაც შეეხება მეორე ნახევარს, რომელიც დაძაბული და ასევე საინტერესო გამოდგა, საწყის წუთებზე მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურებაც მართებდათ, მაგრამ ლუკა ბლიაძემ ორჯერ ხელსაყრელი ეპიზოდი ქარს გაატანა – ჯერ ახლო მანძილიდან მეკარეს ვერ აჯობა, მალევე კი რამდენიმე მეტრიდან დარტყმული ბურთი, კარს ზემოთ გადააცილა.
68-ე წუთზე თბილისელები უმცირესობაში დარჩნენ – ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა ჯენერი ხორავამ რატი კაკიაშვილს წითელი “აუნთო”. სტუმრებმა სტანდარტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც იარდენ კოჰენის გასროლილი, მცირედით ასცდა გოშაძის კარს.
უმცირესობაში დარჩენის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში უპირატესობას ჰაიფელები დაეუფლნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გადავრჩით – ცვლილებაზე შესულმა კატაბმა რამდენიმე მეტრიდან ბურთს ფეხი ააცილა, არადა გოლი გარდუვალი ჩანდა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს – მეტოქის დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა მოჰამად ავადმა, სისწრაფეში გზად რამდენიმე მეტრი გაირბინა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მატჩში წონასწორობა აღადგინა – 1:1.
მართალია, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, მაგრამ ჯერ ებრაელთა მხრიდან გოლის ავტორს მიუთიტეს გასახდელისკენ და გუნდებმა 10-10-ზე განაგრძეს შეხვედრა. შემდეგ კი საბურთალოელებმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდეს – მარჯვენა ფლანგიდან ირაკლი რუხაძის ჩაწოდების შემდეგ, სანდრო ალთუნაშვილმათავური დარტყმით თავისიანები წინ გაიყვანა.
საბოლოოდ შეხვედრა 2:1 დასრულდა, ამ გამარჯვებით “საბურთალომ” და “ატლეტიკომ” პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა დააგროვეს და სწორედ აღნიშნული გუნდები ინაწილებენ პირველ-მეორე ადგილებს. ხვალ ტურნირის მეორე დღეა – 12:00 საათზე “ატლეტიკო” “მაკაბის” შეხვდება, “საბურთალო” კი “დნიპროს” 15:00 საათზე უმასპინძლებს.
საბურთალო – მაკაბი 2:1 (1:0)
საბურთალო: გოშაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი, ბარამიძე, ბლიაძე, წოწონავა, წივილაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბეროშვილი, მარგველაშვილი, რუხაძე, გვარაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი.
მაკაბი: რობინოვი, გაბაი, სტუპინი, გურფაინკელი, ფადიდა, ი. კოჰენი, ველბლუმი, ა. კოჰენი, ბენ სარი, ო. კოჰენი, ავადი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბერუჩი, კათაბი, ბოჰბორტი, ჰარაზი.
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (35), 1:1 ავადი (79), 2:1 ალთუნაშვილი (86).
გაძევება: კაკიაშვილი (68), ავადი (81).
მთავარი მსაჯი: ჯ. ხორავა