ზეპ ბლატერმა სტატისტიკური შეცდომა დაუშვა
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის განხილვის დროს უხეში შეცდომა დაუშვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა „რაჯა კასაბლანკა“ ტურნირის მასპინძელ პირველ გუნდად მოიხსენია, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„აფრიკის ჩემპიონი („ალ აჰლი“) ტურნირიდან გამოვარდა, მასპინძელი კი ფინალისთვის ემზადება. ისტორიაში პირველად მოხდება, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი კონტინენტის ჩემპიონი არ შეხვდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფინალის მონაწილეები ტურნირის საუკეთესო გუნდებია“, – აღნიშნა ბლატერმა.
თავად ბლატერმა 2000 წლის 14 იანვარს პირადად გადასცა „კორინთიანსის“ კაპიტან ფრედი რინკონს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასი. მაშინ „კორინთიანსი“ ტურნირზე სწორედ მასპინძლის სტატუსით თამაშობდა. ბრაზილიურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ აჯობა, ფინალურ მატჩში კი, პენალტების სერიაში „ვასკო და გამა“ დაამარაცხა. ეს იყო პირველი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. კომერციული მიზეზის გამო, მომდევნო ტურნირი 2005 წელს შედგა, ჩემპიონი კი „სან პაულო“ გახდა.
ბექა დოგრაშვილი