წლის ბოლო მატჩი მესხზე
ხვალ მიხელ მესხზე 17:00 საათზე საქართველოს 2013 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი “დინამო თბილისი” და თასის ფინალისტი “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან.
საჩხერელები სუპერთასზე პირველად იღებენ მონაწილეობას, ხოლო “დინამოსთვის” ეს მეშვიდე ფინალი იქნება. ტიტულის მოპოვება თბილისელებმა ხუთჯერ მოახერხეს.
სუპერთასის ისტორია საქართველოში 1996 წლიდან იწყება. პირველი გათამაშება ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “დინამო”, თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 4-0. მატჩს 7000 გულშემატკივარი დაესწრო.
სუპერთასის უკანასკნელი გათამაშება 2012 წელს “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ერთმანეთს “ზესტაფონი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს.
დღეს “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს მწვრთნელები მალხაზ ჟვანია (დინამო) და სოსო ფრუიძე (ჩიხურა) პასუხობდნენ. ასევე თბილისის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით კვირკველია.
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): 2013 წელს ჩვენ თბილისი დინამოს მეოთხედ ვუპირისპირდებით. აქედან ორი შემთხვევაში მატჩის შედეგზე ტიტულის მოპოვებაა დამოკიდებული. თასის ფინალი წავაგეთ. იმედია ხვალ შევძლებთ ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ძალიან კარგია ჩვენი გუნდისთვის, რომ თბილისის “დინამოს” დონის გუნდთან გვიწევს თამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მალხაზ ჟვანიას მივულოცო “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა და მომავალში წარმატებები ვუსურვო.
ჩემი აზრით სუპერთასი ცუდ დროს არის დანიშნული. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, შეხვედრა მეორე წრის დაწყებამდე რომ დანიშნულიყო. სეზონის განახლებამდე კარგი მოსამზადებელი მატჩი გამოვიდოდა. ტრავმირებულები გუნდში არ გვყავს. დინამოდან განათხოვრებული ფეხბურთელების ბედი (რეხვიაშვილი, ჯიღაური) დღეს საღამომდე გადაწყდება. იმედია ისინი შესძლებენ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლას.
მალხაზ ჟვანია (დინამო): მადლობა ბატონ სოსოს. ხვალინდელი შეხვედრა ჩემთვის ტიტულის მოპოვების პირველი შანსია. გუნდი მზად არის მატჩის მოსაგებად. მოწინააღმდეგეს სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი როგორც ყოველთვის გამარჯვებაა. ტრავმის გამო შესაძლოა ჯაბა დვალმა ვერ ითამაშოს.
ამ პერიოდში სუპერთასის გამართვა პირველ რიგში თამაშის ხარისხზე აისახება. ჩემი აზრით აღნიშნული შეხვედრა სეზონის სტარტზე უნდა ტარდებოდეს.
დავით კვირკველია (დინამო): რთული მატჩი გველის. “ჩიხურა” კარგი გუნდია და სრული მობილიზებით ვემზადებით შეხვედრისათვის. სუპერთასის ჩატარება ზაფხულში ჯობია, მაგრამ თუ ამ დროს ნიშნავენ, უმჯობესი იქნება რომ დღის პირველ ნახევარში ჩატარდეს. 17 საათზე უკვე საკმაოდ ცივა. რაც არც ჩვენთვის არის კარგი და გულშემატკივარსაც დისკომფორტს შეუქმნის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხვალინდელი შეხვედრისთვის საპრიზო ფონდი, 50 000 ლარი დააწესა. აქედან 30 ათასი გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო 20 დამარცხებულ გუნდს.
შეხვედრა “მიხეილ მესხზე” 17:00 დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჯს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
ფოტო: fcdinamo.ge