სუპერთასი “ჩიხურასია”
სიცივე, უღიმღამო თამაში და მცირერიცხოვანი გულშემატკივარი. ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოდ დღევანდელი სუპერთასი.
საერთოდ, ასეთი მატჩის ამ დროს ჩატარება კარგი იდეა რომ არ იყო, ამ აზრს ყველა იზიარებდა. შეხვედრა, რომელიც საზეიმო ვითარებაში უნდა ჩატარებულიყო და წლის ფინალური აკორდი უნდა გამხდარიყო, საკმაოდ ცუდი სანახავი გამოდგა. ეს რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ნათელი იყო, რომ ასეთ სიცივეში ბევრი გულშემატკივარი სტადიონზე არ მოვიდოდა. ფინალი კი, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ნამდვილად არ ქმნის საზეიმო განწყობას. გუნდებიც ამ დროს უკვე გადაღლილები არიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მატჩი ორგანიზატორები სუპერთასს მოვალეობის მოხდის მიზნით ატარებენ. იმედია სამომავლონ საერთო აზრი გათვალისწინებული იქნება და ამ მნიშვენლოვან თამაშს ქართული ფეხბურთის მესვეურები სეზონის სტარზე დანიშნავენ.
ახლა კი თამაშზეც ვთქვათ. შეხვედრა თბილისი “დინამოს” შეტევებით დაიწყო. პირველი ნახევრის დებიუტში ჩისკოსა და ჯაბა დვალს ჰქონდათ შესანიშნავი მომენტები, მაგრამ გასული სეზონის საუკეთესო შემტევებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ამასაობაში “ჩიხურამ” თამაში გაათანაბრა და პირველ ტაიმში ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. თუმცა, საჩხერელებმა მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. გოლის გატანის კარგი შანსი გაბედავამ ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს ისევ თბილისელებმა შეუტიეს, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.
მეორე ნახევრის დებიუტი პირველი ტაიმის სცენარით წარიმართა. შემდეგ კი, ნომინალურმა სტუმრებმა შესძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ორჯერ რეხვიაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა პირველ შემთხვევაში ლორიამ ითამაშა კარგად, მეორედ კი ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. მატჩის ბედი 57-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ამით ტატანაშვილმა კარგად ისარგებლა, ყველას დაასწრო და საკუთარ გუნდს სუპერთასი მოაპოვებინა.
“დინამო” დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, მაგრამ ამაოდ.. “ჩიხურამ” კარგად დაიცვა თავი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის შემდეგ:
მალხაზ ჟვანია (დინამო): მოწინააღმდეგეს ვულოცავ თამაშის მოგებას. კარგი შეხვედრა გამოდგა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მოწინააღმდეგემ კი პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა. მეორე ტაიმში შეცდომების გამოსწორება ვცადეთ, შეტევაშიც უფრო ხშირად გადავდიოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა.
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ “დინამო” ერთხელ მაინც უნდა დავამარცხოთ და მიხარია, რომ ეს სწორედ დღეს მოხდა. “დინამოსთვის” დღევანდელი გამარჯვება მორიგი ტიტული იქნებოდა, ჩვენთვის კი ეს ნამდვილი მოვლენაა. დასაწყისში ცოტა გაგვიჭირდა. მეთხუთმეტე წუთიდან გამოვასწორეთ თამაში და საბოლოოდ ლოგიკური შედეგიც მივიღეთ.
დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა): რთული მატჩი გამოვიდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასიხარულოა, რომ ეს დაგვიფასდა.
დინამო 0:1 ჩიხურა
გოლი: ტატანაშვილი 57’
დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (გლიშიჩი 63’), პაპავა, ჩისკო, დვალი, ხურცილავა, კვირკველია, გოგა (ვუო 71’)
ჩიხურა: სომხიშვილი, ლომაშვილი, დეკანოიძე (კვასხვაძე 82’), კაშია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი (ქიმაძე 88’), ოდიკაძე, გაბედავა, ტატანაშვილი, ჯიღაური (ჭელიძე 85’), რეხვიაშვილი
ფოტო: fcdinamo.ge