საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია!
დღეს, კლუბ ქალაქურში GFF Awards 2013 გაიმართა. ღონისძიებას ქართული ფეხბურთის ხელძღვანელები, ფეხბურთელები და პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში დასახელდნენ. ესენია: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ქართველი ლეგიონერი და წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
გამოკითხვაში უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა მიიღეს მონაწილეობა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე სამი ფეხბურთელი იყო წარდგენილი. ვიტესის ქართული დუეტი გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი, ასევე თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი პაპავა. ამ სამეულიდან გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი ვაკო ყაზაიშვილმა დაიკავა. გამარჯვებული ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა.
ვაკო ყაზაიშვილი: “დიდი მადლობა ყველას. ძალიან გახარებული ვარ და ყველას გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს”.
ამის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის დრო დადგა. ჯილდოზე სამი დინამოელი იყო წარდგენილი: გიორგი ლორია, ჩისკო და ელგუჯა გრიგალაშვილი.
ნომინაციაში გამარჯვება გიორგი ლორიამ მოიპოვა. უმაღლესის საუკეთესო ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავამ დააჯილდოვა.
გიორგი ლორია: “უღრმესი მადლობა ყველას. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ჯილდოს ასეთ ძლიერ კონკურენტებთან მოიპოვებ. ჩისკოც და გრიგალაშვილიც მაღალი დონის მოთამაშეები არიან. მადლობა ყველას, ვინც მე მომცა ხმა”
შემდეგი ნომინაცია – საუკეთესო ლეგიონერი.
ამ პრიზზე გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი იყვნენ წარდგენილნი. გამარჯვება არნემის “ვიტესის” კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოიპოვა. საუკეთესოს ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გია ფირცხალავამ გადასცა.
გურამ კაშია: “დიდი მადლობა ყველას. ეს ჩემთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს”
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენამდე, ფეხბურთის ფედერაციამ გია ცეცაძე და 19 წლამდელთა ნაკრები დააჯილდოვა. ახლაგაზრდულმა გუნდმა ბელგიაში გამართულ შესარჩევ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ასევე ფედერაციის წარმომადნგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ამცნო, რომ შესაძლოა საქართველომ რომელიმე ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლოს. ეს საკითხი 2014 წელს გადაწყდება.
საღამოს კულმინაცია კი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ლორია.
ხმარა 45 პროცენტით გამარჯვებული გურამ კაშია გახდა, რომელიც ზვიად სიჭინავამ დააჯილდოვა.
გურამ კაშია: “არ ველოდი, უკვე მეორედ ვდგავარ აქ. მცველისთვის ბევრი ხომ არ არის? ეს ჯილდო ყველა ნომინანტმა დაიმსახურა. მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მე მომცა ხმა”.