წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს
დუბაიში გამართულ Globe Soccer Awards-ის ტრადიციულ გალა-კონცერტზე წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა გამოავლინეს. გამარჯვებული მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ირკვევა.
წლის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს, რომელმაც ხმათა 58 პროცენტი მოაგროვა. მეორე პოზიციაზე „ბარსელონას“ არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც ხმების 9 პროცენტი ერგო. მესამე ადგილი „ბარსელონას“ და ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველებმა – ანდრეს ინიესტამ და მესუთ იოზილმა გაინაწილეს – 4-4 პროცენტით.
წლის საუკეთესო მწვრთნელად ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი ანტონიო კონტე დაასახელეს, რომელმაც დორტმუნდის „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი და „ნაპოლის“ ხელმძღვანელი რაფალ ბენიტესი ჩამოიტოვა.
ბექა დოგრაშვილი