WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (137905) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ინტერვიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ – ლევან ყიფიანთან

თარიღი: დეკემბერი 31, 2013

2013 წელს აჯამებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი.

ლევან ყიფიანი: ჩვენ ყველამ ერთად საკმაოდ რთული წელიწადი მოვიტოვეთ უკან. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალი გუნდის მოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ბოლომდე უნდა მიგვეყვანა ის არსებული პროექტები და ღონისძიებები, რაც მიმდინარე რეჟიმში დაგვხვდა და ასევე ოპტიმალურად მოგვეხდინა სამინისტროს ახალი მენეჯმენტის ფორმირება, უმტკივნეულოდ გაგვეტარებინა სამინისტროში მომუშავე პროფესიონალი კადრების ინტეგრირების პროცესი ახალ თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან, რაც წარმატებით განხორციელდა.

რეორგანიზაციის პროცესისას ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისათვის და სამუშაო პროცესის წარმართვისათვის ერთიანობა არ დარღვეულიყო და ამით სპორტის განვითარებაზე და ახალგაზრდულ პროგრამებზე ზრუნვა არ შეფერხებულიყო. მსურს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო მათი მხრიდან გაწეული საქმიანობისათვის, ძალისხმევისა და პროფესიონალიზმისათვის.

– საინტერესოდ ჩატარდა არჩევნები სპორტულ ფედერაციებში, იყო ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობაც…

– ჩვენი გუნდის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ სპორტული კუთხით ამოსავალი წერტილი პირველ რიგში იქნებოდა სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზირება და დეცენტრალიზაცია. ჩვენი პოლიტიკა სპორტში ამ მიმართულებით ვითარდება და ვფიქრობ მოხერხდა კიდეც სპორტული სამყაროს პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლება. არჩევნები ჩატარდა 30-მდე სპორტულ ფედერაციაში. საარჩევნო ყრილობებზე კანდიდატთა სიმრავლე და კონკურენტული გარემო აქამდე ნამდვილად უცხო იყო. რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემებიც და საარჩევნო პერიპეტიებისას პიროვნული დაპირისპირებებიც მრავლად იყო, თუმცა სამინისტრომ იხელმძღვანელა ფედერაციის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით და შემოიფარგლა რეკომენდაციებით.

– 2013 წლის სპორტული სეზონს მთლიანობაში როგორ შეაფასებთ?

– სპორტული შედეგებით ინდივიდუალურ სახეობებში უფრო მეტად ვართ განებივრებულები და ტრადიციულად 2013 წელს ძირითადი მედლები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ხარჯზე მოვიპოვეთ. განსაკუთრებულად მსურს აღვნიშნო ძიუდოს ეროვნული გუნდის წარმატება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო გუნდურ სახეობებში ნაჩვენები შედეგიც – მორაგბეთა ეროვნული გუნდის მიღწევები, კალათბურთელთა მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელთა ნაკრების მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ხელბურთის ეროვნული ნაკრების აღდგენა და საქართველოში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება, გამოვყოფ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების და ნაკრებების წარმატებას ევროპისა და ასევე საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე. 2013 წლის მანძილზე ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა თუ საერთაშორისო ტურნირებზე ჯამში ქართველი სპორტსმენების მიერ 500-მდე მედალია მოპოვებული, რომელთა შორის 130-მდე ოქროს მედალია.

– სამინისტროს მთავარი პრიორიტეტებიდან განსაკუთრებით რა მიმართულებებს გამოარჩევთ?

– პირველ რიგში სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ამოსავალი წერტილია, თუმცა სამინისტროსთვის ყველა პრიორიტეტი უპირველესია და აქ რიგითობა მხოლოდდამხოლოდ ფორმალობაა. უმნიშვნელოვანესია მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობა, სპორტის მასობრიობა, საზოგადოების სპორტში ჩართულობა, სტუდენტური და ბავშვთა სპორტის განვითარება და ასე შემდეგ. სამინისტროს ასევე ძირითადი პრიორიტეტია სპორტული განათლება. ჩვენი ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია კანონმდებლობა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება სპორტში. შექმნილია სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტატეგიის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. 2014 წლის ბოლოს ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი კანონი სპორტის შესახებ. სამინისტრო აქტიური იყო ახალგაზრდული კუთხით მუშაობისას. გამოიყო 12 პრიორიტეტული მიმართულება და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი ჩვენი ახალგაზრდული დეპარტამენტის და დაქვემდებარებული უწყებების ორგანიზებით. მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო მიმართულებითაც, გვქონდა ოფიციალური ვიზიტები, შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, გაფორმდა მემორანდუმები სამინისტროებთან.

– სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლიდან შეძლებს სტუდენტების მიღებას?
.
– ჩვენი გუნდის სამინისტროში მოსვლისთანავე დავისახეთ მიზნად, რომ 2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემიის ბაზაზე აღდგენილიყო ახლი უნივერსიტეტი. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა და მიზანს მივაღწიეთ. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერმინისტრის ხელმოწერით, ოფიციალურად დაფუძნდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, უნივერსიტეტის სრულად ამოქმედება 2014 წლის სასწავლო სეზონისათვის იგეგმება.

– 2014 წლიდან საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული გამოწვევების წინაშე დადგება. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი ამ კუთხით?

– 2014 წლიდან არაერთი საერთაშორისო ტურნირი გველის და ახალ-ახალი სპორტული გამოწვევების წინ ვდგავართ. აღსანიშნავია ძიუდოს თბილისის გრან პრი, მძლეოსნობაში, ფარიკაობასა და წყალბურთში გასამართი ევროპის გუნდური და ასაკობრივ ჩემპიონატები, ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრან-პრი და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატი, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები და ასე შემდეგ.

2014 წელს გველის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში, სამათავრობო დელეგაცია კი სოჭში არ გაემგზავრება. ვთვლით, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს სპორტში, საქართველოს დროშა კი ყოველთვის ამაყად უნდა ფრიალებდეს ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე 2014 წლიდან ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ვიწყებთ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ეტაპს. შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომნელიც ზედამხედველობას გაუწევს მიმდინარე პროცესებს, ოლიმპიურ ციკლში ჩვენ გველის ნანჯინგის ზაფხულის ახალგაზრდული თამაშები, შემდგომ თბილისში ევროპის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი და ყველაზე მთავარი სპორტული ფორუმი – 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები.

მსხვილი პროექტებიდან გამოვყოფ – რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის, ოლიმპიური მოძრაობის განვითრების სახელმწიფო პროგრამებს, რაც გულისხმობს კლუბების გაძლიერებას, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომძლავრებას, მწვრთნელთა განათლებას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, აუცილებელია ფეხბურთის სტრუქტრის რეორგანიზება. აქტიურად ვთანაშრომლობთ უეფასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან. 2013 წლის მიწურულს მქონდა შეხვედრა უეფას პრეზიდენტ – მიშელ პლატინისთან, რომელმაც დაგვიდასტურა პატივიცსემა და მხარდაჭერა იმ პროექტების განხორციელებაში, რასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ვფიქრობ 2014 წლიდან რამდენიმე პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება.

– რა მდგომარეობაა ახალი სტადიონების და დარბაზების, ზოგადად ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში?

– ამ მიმართულებით დაწყებულია კონკრეტული პროექტები. აშენდება ახალი საფეხბურთო სტადიონი წყალტუბოში დამხმარე სავარჯიშო მოედნით. 2017 წლის ხელბურთის მსოფლიო 19-წლამდელთა ჩემპიონატისათვის საქართველოს სხვადახვა ქალაქში აიგება 4 ახალი სპორტის სასახლე. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სპორტის სამინისტროს სპორტულ დარბაზებს, ახალ იერსახეს მიიღებს მიხეილ კეკელიძის სახელობის სპორტული არენა და ასევე დიდუბეში არსებული კალათბურთის სავარჯიშო ცენტრი.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სპორტული ბაზების სარეკონსტრუქციო სამუშოები მიმდინარეობს. მერიასთან თანხმდება სპორტული ობიექტების გადანაწილების საკითხი, დაგეგმილია ახალი აუზის მშენებლობა, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის ზღვის ტერიტორაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, ახალი სპორტული ობიექტის და მძლეოსნობის სტადიონის მშენებლობაზე, თბილისის ზღვის ტერიტრიაზე ეწყობა ოლიმპიური სოფელი ფესტივალისათვის. ეს ყოველივე სამომავლოდ მოგვცემს წინაპირობას იმისთვის, რომ თბილისს დავუბრუნოთ ის სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გაიყიდა და გასხვისდა.

– როგორ გაგრძელდება მთავრობის თანადგომა სპორტის მიმართ?

– სპორტის დაფინანება თითქმის 100 პროცენტით სახელმწიფოს ხარჯზე მოდის. რა თქმა უნდა გაგრძელდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროექტები. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ თანხების მიზნობრივად მობილიზება როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისათვის, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კერძო ბიზნესს და მოვიზიდოთ მეტი დაფინანსება სპორტისათვის. მთავრობის დადგენილებით მინისტრთა კაბინეტის მხრიდან დამტკიცდა ჩვენს მიერ განახლებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველ სპორტსმენთა პრემირებას და წახალისებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას მაღალი მიღწევების სპორტში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მართვით, გამართული, მიზანმიმართული მუშაობით და ერთიანობით, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდული მიმართულებებით. ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და მჯერა რომ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას.

სამინინისტროს პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები