“ზესტაფონმა” კუხიანიძე და ფანცულაია დაიმატა
21 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და 20 წლის ფორვარდი გიორგი ფანცულაია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” იასპარეზებენ. კუხიანიძესთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ფანცულაია მარგველთა ღირსებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულების შესახებ:
გიორგი კუხიანიძე – ნახევარმცველი; დაბადებული – 01.07.1992; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 73 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი კუხიანიძე ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა.
“თავისი ტექნიკური არსენალით, პასის კულტურითა და არაორდინარული თამაშით გიორგი ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მას თანაგუნდელებს პასებით მომარაგება შეუძლია, ამავე დროს, არც თავად ერიდება კარში დარტყმებს და საგოლე ალღოც არ ღალატობს” – ასე ახასიათებდა 2013 წლის მიწურულს გიორგის ასპარეზობას ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”.
***
გიორგი ფანცულაია – თავდამსხმელი; დაბადებული – 06.01.1994; სიმაღლე – 177 სმ, წონა – 76 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი ფანცულაიაც ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა. ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 2011-2013 წლებში ნიჭიერმა თავდამსხმელმა ქუთაისელთა მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თავის დროზე მას ჩვიდმეტ- და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით ასპარეზობდა.
***
დღესვე გუნდის ახალწვეულებმა სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” სამედიცინო შემოწმება გაიარეს.