პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესოები გამოვლინდნენ
გამოვლინდა ინგლისის პრემიერლიგის 2013 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი.
თვის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი “ლივერპულის” ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა მიიღო, ხოლო “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელი მანუელ პელეგრინი – საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მათ, ტრადიციულად, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
ლუის სუარესი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ კალენდარულ თვეში ათი გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს გასულ სეზონში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო მიმდინარე სეზონში მოგვიანებით ჩართვა მოუხდა. მიუხედავად ამისა, ის ჯერჯერობით 20 გატანილი გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე სულ 37 დარტყმაა, რომლიდანაც 26 ზუსტი გამოდგა. სტატისტიკურად, მისი ყოველი 2,6 ზუსტი დარტყმის შემდეგ გოლი გადის.
რაც შეეხება მანუელ პელეგრინის, მის მიერ გაწვრთნილმა “მანჩესტერ სიტიმ” გასულ თვეში შვიდი პრემიერლიგური შეხვედრიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა, ერთი კი, “საუთჰემპტონთან” ფრედ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ “ქალაქელებმა” დეკემბერში “ტოტენჰემი” 6-0, ხოლო გათამაშების ლიდერი “არსენალი” 6-3 გაანადგურეს. ამ დროისთვის მანჩესტერული გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და “არსენალს” ერთი ქულით ჩამორჩება.
გიორგი დოგრაშვილი