მამუჩაშვილი “საბურთალოს” ემადლიერება
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ახალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო – ჩვენი გუნდი 5 იანვრიდან “ბენდელაზე” ემზადება. სავარაუდოდ 20 რიცხვიდან დედაქალაქელები შეკრებაზე გლდანში,
ახლადგარემონტებულ აკადემიაში გადავლენ, 2 თებერვლიდან კი საბურთალოელები გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც რამდენიმე კვირას განმავლობაში მოემზადებიან.
ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი გუნდისა და U-17-ის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელსაც სტაბილური სეზონი ჰქონდა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.
– ლადო, საუბარი გასული სეზონით დავიწყოთ – როგორ შეაფასებთ 2013 წელს?
– საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში თითქმის ყველა შეხვედრაში მომიწია თამაში. მქონდა მცირე ჩავარდნები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. მადლობა ჩემი კლუბის მწვრთნელებს იმისათვის, რომ მენდობიან და თამაშის საშუალებას მაძლევენ. ვეცდები, ნდობა კარგი თამაშით გავამართლო.
გეცოდინებათ, რომ სეზონის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ მენთეშაშვილი დავიმატეთ. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, ვფიქრობდი ხშირად არ მომიწევდა მინდორზე გასვლა, თუმცა პრაქტიკულად თამაში არ გამომიტოვია. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მატჩში მეგონა შემადგენლობაში არ ვიქნებოდი, მაგრამ… ეს ყოველივე ორმაგ პასუხისმგებლობას მაძლევს. ვეცდები მწვრთნელებს ნდობა გავუმართლო.
– თავად აღნიშნეთ, რომ, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში მრავლად გამართეთ მატჩები. სეზონის ბოლოს, დაღლილობამ ხომ არ იჩინა თავი?
– – არა, არ დავღლილვარ, მაგრამ ბოლოსკენ ტრავმა მცირედით გამიმიზეზდა, ახლა ყველაფერი რიგზეა და შემართებით ვემზადები ახალი სეზონისთვის.
– “საბურთალოს” გასულ წელს დებიუტი ჰქონდა პირველ ლიგაში. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ გათამაშებას?
– ვიდრე ჩვენი გუნდი იასპარეზებდა პირველ ლიგაში, 2012 წელს ამ გათამაშების ერთ-ერთ შეხვედრას დავესწარი. ვერც წარმოვიდგენდი თუ ასე მალე მომიწევდა მეც თამაში. რთული ნამდვილად არ იყო, არც ფიზიკურად გამჭირვებია.
განვლილმა ნახევარმა სეზონმა დიდი გამოცდილება შემმატა, ამას აშკარად ვგრძნობ. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ როცა ნაკრებში მივდივარ სათამაშოდ, ბევრად თავისუფლად გამოვიყურები-ხოლმე.
– ყველაზე უფრო რომელ გუნდთან გაგიჭირდათ გარჯა და პირიქით – სასიამოვნო მატჩი რომელი გახსენდებათ?
– სამტრედიაში, “სამგურალთან” მარცხი კარგა ხანს მემახსოვრება. იმ შეხვედრაში არც მე წამივიდა თამაში და არც მთლიანად გუნდს. ის მატჩი 2:5 წავაგეთ, მეტოქემ აშკარად გვაჯობა. რაც შეეხება სასიამოვნოს – “სამტრედიასთან” საკუთარ კედლებში 5:0 გამარჯვებას ვერც ვიფიქრებდი. თან, მატჩის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მოვისაკლისეთ, მიუხედავად ამისა, ლამაზი სანახაობა შევთავაზეთ გულშემატკივარს და კარგი გოლებიც გავიტანეთ.
– მეტოქის მოედანზე თამაში ყოველთვის რთულია. ამ ფაქტორს რამდენად მიეჩვიეთ?
– დიდი განსხვავებაა, როდესაც თამაში მეტოქის მოედანზე გიწევს. ბუნებრივია, ბევრად ადვილია, როცა საკუთარ კედლებში ირჯები. რეგიონებში, გულშემატკივრები ხშირად ბილწისტყვაობენ, ამავდოულად სხვა მცირე პრობლემებსაც ვაწყდებით… ასევე დიდი განსხვავება არის მინდვრებში – ჩვენ კარგ პირობებში გვიწევს თამაში, მაგრამ არის სტადიონები, სადაც ძალიან რთულია ბურთის გორება. თუმცა, როგორი მინდვრებიც არ უნდა იყოს და რა პირობებშიც არ უნდა გიწევდეს ასპარეზობა, მთავარი მაინც თავდადებაა.
– ზურაბ მენთეშაშვილზე ზემოთ კი ისაუბრეთ, მაგრამ იმ გამოცდილ ფეხბურთელებზე გვითხარით, რომლების მხარდამხარ ჩაატარეთ პირველი წრე?
– “მენთესასგან” ბევრი რამ ვისწავლე, ისევე როგორც რევაზ გოცირიძისგან. ზურამ პირველ რიგში ბრძოლა მასწავლა. როცა ხედავ, რომ 33 წლის ფეხბურთელი გამოდის მინდორზე და ბოლომდე იხარჯება, არ შეიძლება ასეთ ადამიანს მხარი არ აუბა. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა. ასევე თავდაჯერებულობაში მეხმარებოდა, შეიძლება ითქვას, მინდორზე მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებდა. რაც შეეხება გოცირიძეს, ძალიან ბევრს ბრძოლობდა, როგორც პირველ ბურთზე, ასევე ჩამოდიოდა დაცვაში და ბურთის ამოტანაში გვეხმარებოდა.
– გუნდმა პირველი წრე მერვე საფეხურზე დაასრულა. თქვენი გადასახედიდან, რამდენად კანონზომიერია აღნიშნული შედეგი?
– ნამდვილად არ ვიმსახურებდით მერვე ადგილს, მაგრამ რას ვიზავთ… მჯერა გამოსწორდება შედეგი და წლეულს ხუთეულში შესვლა უნდა მოვახერხოთ. რამდენიმე თამაში გამოუცდილების გამო დავთმეთ, ასევე ბევრი ქულები გავანიავეთ, რამაც საბოლოოდ იქონია გავლენა.
არადა, სეზონის დასაწყისში კარგი სტარტი გამოგვივიდა, გვეგონა ყველა თამაშს მარტივად მოვიგებდით და ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ…
– ნაკრებზეც გკითხავთ – თბილისმა რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ მატჩებს უმასპინძლა. სასიამოვნოა, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა გულშემატკივრები და ფეხბურთის სპეციალისტები უფრო მეტს მოელოდნენ…
– თამაშის ხარისხით არც მე ვარ კმაყოფილი, ვერ ვაჩვენეთ გუნდური თამაში, არადა ჩვენი ნაკრები სწორედ ამ კომპონენტით გამოირჩევა. ასეთი მატჩებით ელიტ-რაუნდში წარმატებას ვერ მივაღწევთ, გამოსასწორებელი გვაქვს თამაშის ხარისხი და იმედი მაქვს, მარტამდე, ვიდრე ელიტ-რაუნდის შეხვედრები აიღებს სტარტს, ეს პრობლემა მოგვარდება.
ცოტა თავდაჯერებულობაც გვაკლდა – დედაქალაქში მეტოქეებად ჰოლანდიის გარდა, ფარერები და სან მარინოს თანატოლები გვყავდნენ, უფრო უკეთ გვმართებდა თამაში.
– “სალერის თასი” 2013 მინდა გკითხოთ – ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც არიან “ატლეტიკო”, “დნიპრო”, “მაკაბი” და შემდეგ გამარჯვებული გუნდის მანტიის მოსხმა, იოლი სულაც არ არის. როგორი შთაბეჭდილება დატოვა აღნიშნულმა ტურნირმა?
– 2012 წელსაც მომიწია ამ ტურნირზე თამაშმა და ერთი წლის შემდეგაც. სიმართლე გითხრათ, 2013 წელს უფრო ძლიერი მატჩები იყო, რადგან სამ ევროპულ გუნდს დავუპირისპირდით. თან, სამივე წარმატებული კლუბია ევროპაში. აქედან გამომდინარე, რთული იყო მოგება. სასიამოვნოა, რომ ამ გამარჯვებაში სხვებთან ერთად ჩემი პატარა წვლილიც დევს. ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ და დამსახურებულად დავეუფლეთ “სალერის თასს”.
ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ყველას, დიდ მადლობას გადავუხდი. ამ სკოლაში დავიწყე ფეხბურთის თამაში და დღემდე აქ ვარ. ერთხელაც არ მიფიქრია, რომ კლუბი გამომეცვალა, სამაგალითო და განსხვავებული კოლექტივია.
FCSaburtalo.GE