სანდრო ხაბაძე – ლიტვაში გამოჩენილი ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი
Fanebi.com სანდროს დაუკავშირდა და მის საფეხბურთო კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.
ფეხბურთის თამაში სად დაიწყეთ?
ფეხბურთის თამაში დიღმის მასივში მდებარე სპორტულ კომპლექსში დავიწყე. ოლიმპიური მომზადების ცენტრში ექვსი წლის ასაკში მიმიყვანეს და ზუსტად ამდენივე დრო გავატარე იქ. თორმეტი წლისამ კი ლეგენდარული ქართვეული ფეხბურთელის – მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა ავაზაში გვაგრძელე თამაში, კარგად მოგეხსენებათ, რომ ავაზაში არაერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი აღიზარდა.
რატომ გაგიჩნდათ ფეხბურთის თამაშის სურვილი, რა იყო მთავარი მიზეზი?
ფეხბურთის სიყვარული გენეტიკურად გადმომყვა. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, გერმანულ “იოჰანესტალში” თამაშობდა, სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და ფეხბურთელის თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, გიორგი ლორია კი ფეხბურთში და არამარტო ფეხბურთში ჩახედულთათვის ზედმეტ წარდგენას არ საჭიროებს. “დინამო თბილისისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადმა მეკარემ და მამაჩემმა ჩემში ფეხბურთის სიყვარული კიდევ უფრო გააღვივეს.
ვინ იყო თქვეენი პირველი მწვრთნელი?
ჩემი პირველი მწვრთნელი ბაგრატ ჩადუნელი გახლდათ, რომელიც ამჟამად ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს თბილისის” საფეხბურთო აკადემიისა და ბავშვთა სკოლის რამდენიმე ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ.
ბავშვობაში რა პოზიციაზე გიწევდათ თამაში?
შეტევაში თამაში ბავშვობიდან მომწონდა. მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც დინამო თბილისის აკადემიაში გადმოვედი, გუნდს დაცვის ხაზში უჭირდა და გარკვეული პერიოდი ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. თუმცა უფრო პროდუქტიულად თავდასხმაში ვთამაშობ, ცენტრალური ფორვარდი პოზიციაზე, სადაც ჩემი საგოლე ჟინი და ალღო ძალიან მეხმარება.
როდესაც “დინამო თბილისის” აკადემიაში დავიწყე თამაში 13 წლის ვიყავი. ფაქტობრივად აკადემიის ყველა ასაკობრივ გუნდში მაქვს ნათამაშები და ბოლოს “დინამოს” დუბლშემადგენლობაშიც გადამიყვანეს. 18 წლის ასაკში ლიტვის ჩემპიონატში მიმიწვიეს. კლაიპედის “გრანიტასში” ვთამაშობდი, სადაც ჯამში ცხრა შეხვედრა ჩავატარე და ორი გოლი გავიტანე. სამწუხაროდ, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობამ ახალი სპონსორის მოძიება და ფინანსურად მოძლიერება ვერ შესძლო, შესაბამისად გუნდმა ლეგიონერებზე უარი თქვა და რამდენიმე ფეხბურთელს ერთდროულად დაგვემშვიდობა.
სამომალვლოდ რა გეგმები გაქვთ?
თავისუფალი აგენტის სტატუსით სამშობლოში მომიწია დაბრუნება, ფორმის შესანარჩუნებლად ვშრომობ და ყოველდღიურად სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობ. ჯერ–ჯერობით სად გავაგრძელებ კარიერას არ ვიცი. შემოთავაზებები არის როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ბოლო პერიოდში პოლონეთის ვარიანტი გამოიკვეთა, თუმცა დაინტერესებული კლუბის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?
ჩემი და ალბათ თითოეული მოთამაშის უმთავრესი მიზანი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება არის.
მისაბაძი მაგალითი?
ჩემთვის მისაბაძი მაგალითი პირველ რიგში ბიძაჩემი – გიორგი ლორია არის, ზუსტად ვიცი, თუ როგორ და რის ხარჯზე ჩამოყალიბდა პროფესიონალ ფეხბურთელად და ვოცნებობ, რომ მეც მის მსგავსად ვითამაშო.როგორც თავდამსხმელი ჩემთვის გამორჩეული და მისაბაძი ცენტრალური ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არის.
დამწყებ ფეხბურთელებს რას ურჩევდით?
ფეხბურთი დიდი ფილოსოფიაა. ეს არის სპორტის ის სახეობა, სადაც ერთი ჩაგდებული დღეც მომავალში ნეგატიურად აისახება. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხოლოდ ერთს ვურჩევ. მეტი მონდომებითა და სერიოზულობით მოეკიდნონ თითოეულ ვარჯიშს და თამაშიდან თამაშამდე მოედანზე საკუთარი შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინონ.