„მილანს“ ზეედორფი ჩაიბარებს
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.
ამის შესახებ თავად ზეედოფმა დღეს, რიო-დე-ჟანეიროში მოწყობილ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა. გარდა ამისა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებაც განაცხადა.
„მინდა განვაცხადო, რომ მოედანზე გატარებული 22-წლიანი პერიოდის შემდეგ კარიერას ვასრულებ. ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. „ბოტაფოგოში“ ყველას მადლობას ვუხდი. ეს გამოცდილება „მილანში“ მუშაობის პერიოდში დამეხმარება. გუშინ იტალიური კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დამირეკა და უარის თქმა ვერ გავბედე. ბედნიერი ვარ, რომ „მილანში“ ვბუნდები“, – ზეედორფის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ზეედორფი მასიმილიანო ალეგრის ჩაანაცვლებს, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ზეედორფი „მილანის“ ღირსებას 2002-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2001, 2011), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, 2007), იტალიის თასის მფლობელი (2003) და იტალიის სუპერთასის მესაკუთრე (2004, 2011).
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიცია უკავია.
ბექა დოგრაშვილი