მზადება თოვლში და შეცვლილი გეგმები
იმერეთში მოსულმა თოვლმა ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
გუშინ დილით ზესტაფონელებმა ისევ ქალაქის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დახურულ დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს კი გუნდმა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავა – სპორტსმენები თავიდან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთნენ, შემდეგ კი მათ დათოვლილ მინდორზე გადაინაცვლეს და ვარჯიში ფეხბურთისათვის ესოდენ უჩვეულო ვითარებაში განაგრძეს.
უნდა ითქვას, რომ 16 იანვარს სავარჯიშო პროცესს გრიგოლ დოლიძე და ნაემეკა აჯურუ შეუერთდნენ. გუშინვე, სამშობლოში გაკეთებული ოპერაციისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა გუნდის სერბი ლეგიონერი იგორ იელიჩი, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით მზადებას შეუდგა.
ხვალისთვის იმერელთა სამწვრთნელო შტაბს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობამ გია გეგუჩაძეს გეგმები შეაცვლევინა – ზესტაფონელთა თავკაცმა გუნდი შაბათამდე დაასვენა …
აქვე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კლუბის რიგები დატოვა ალჟირელმა ფორვარდმა მოჰამედ რეკრუკმა. “ზესტაფონში” აღარ იასპარეზებს ბოლო წლებში გუნდის უცვლელი გოლკიპერი და კაპიტანი როინ კვასხვაძეც – მას ჩვენს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუსრულდა.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური