სანაძემ ამერიკაში კარიერა გაიუმჯობესა: 25 ქულა 26 წუთში
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა. “სან დიეგო ტორეროსის” უკანახაზელმა ამერიკული კარიერის საუკეთესო შედეგი (22 ქულა) რამდენიმე დღის წინ “ლოიოლასთან” დააფიქსირა, დღეს, გამთენიისას კი სანაძემ “სანტა კლარას” 25 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდს კონფეცენციაში მე-2 გამარჯვება მოაპოვებინა.
სანდიეგოელებმა წინასაკონფერენციო მატჩები შედეგიანად ჩაატარეს – 13-დან 9 შეხვედრა მოიგეს, თუმცა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში ცოტა გაუჭირდათ. დღევანდელ მატჩამდე “ტორეროსმა” კონფერენციაში 5-დან 4 მარცხი განიცადა და “სანტა კლარასთან” გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ტაიმის შემდეგ სანდიეგოელები 28:32 აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სანაძის წინამძღოლობით იხეირეს და გამარჯვებას მიაღწიეს – 69:66.
თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე “სანტა კლარა” 1 ქულით ჩამორჩებოდა და ტაქტიკური ჯარიმა აიღო. სანაძემ ორივე სროლა ზუსტად შეასრულა და “სან დიეგო” 69:66 დააწინაურა – თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა.
ქართელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთი 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. დუდას შემდეგ “სან დიეგოში” 14 ქულით დენის კრამერი გამორჩა, ხოლო კრისტოფერ ანდერსონმა 11 მიითვალა.
ამ შეხვედრამდე ბოლო ადგილზე მყოფმა “სან დიეგომ” 10-გუნდიანი “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. “ტორეროსს” 6-დან 2 გამარჯვება აქვს და მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს “სან ფრანცისკოსთან” გამართავს.