ოლიმპი თასის მეოთხედფინალში გავიდა
თბილისის “ოლიმპი” თასის გამათამაშების ძირითად, მეოთხედფინალურ ბადეშია. დავით თორთლაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკციო ეტაპის მეორე მატჩშიც დაამარცხა “მაკაბი” და სერიაში ჯამში 54-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა.
ოლიმპელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში გუშინ “მაკაბი” 81:60 დაამარცხეს, დღეს კი კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორთლაძის გუნდმა პირველივე მეოთხედში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.
პირველი მეოთხედი “ოლიმპმა” 20:9 მოიგო, დიდ შესვენებამდე კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. მაკაბელთა წინააღმდეგ შეუჩერებელი იყო ნოდარ თენიეშვილი, რომელმაც საბოლოოდ 26 ულა დააგროვა. მასთან ერთად ოლიმპელთა შორის რიჩარდ მათიაშვილი, დავით ხიზანიშვილი და ირაკლი ალხანაიძე გამოირჩეოდნენ, რომლებმაც შესაბამისად 15, 12 და 11 ქულა დააგროვეს. “მაკაბიში” წინა მატჩის მსგავსად ლევან რევაზაშვილი გამოირჩა, რომელიც 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
“ოლიმპი” მეოთხედფინალში “დინამოს” შეუწყვილდა. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურება: “არმია” – “რუსთავი”, “ქუთაისი” – “შსს-აკადემია”, “ბათუმი” – “სოხუმი”. პირველი მატჩები 20 იანვარს, საპასუხო კი 22 და 23 იანვარს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით თორთლაძე: ვფიქრობ, მოულოდნელი არ ყოფილა მე-8 ადგილოსნის ვინაობა. ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ საქართველოს თასის გათამაშება ჩვენთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება მეორე წრისთვის და აქ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე სერიოზული შედეგისთვის ვერ ვიბრძოლებთ.
ნოდარ თენიეშვილი: საკვალიფიკაციო ეტაპი შედარებით მარტივად დავძლიეთ, იქიდან გამომდინარე, რომ დაგვიბრუნდა მათიაშვილი და დაგვემატნენ ახალი მოთამაშეები. ამან თავისთავად ჩვენი გუნდი გააძლიერა. წინ სერიოზული მატჩები გველის “დინამოსთან” და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომა დაგვიფასდეს და გავამართლოთ ჩვენი მწვრთნელების და გულშემატკივრების იმედები.
superleague.ge