ჯოკოვიჩი: „უნდა შევეგუო, რომ ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია“
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში სტანისლას ვავრინკასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯერჯერობით მოქმედი ჩემპიონი შვეიცარიელთან ანგარიშით 6:2, 4:6, 2:6, 6:3, 7:9 დამარცხდა.
„შეხვედრა თანაბარი იყო. თავიდან უკეთესად ვთამაშობდი, მეორე სეტში კი ბრეიკის გაკეთების შანსი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. ვავრინკა ბურთს ჩინებულად აწვდიდა. როდესაც მას პრობლემები უჩნდებოდა, სწორედ ჩაწოდებები ეხმარებოდა.
მან თავისი მომენტები გამოიყენა და დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. გასულ წელს სტანისლასთან თამაშში ოდნავ გამიმართლა. წელს კი ფორტუნამ მას გაუღიმა.
შემიძლია ვიამაყო, რომ 100%-თ დავიხარჯე. როგორც ჩანს, საკმარისი დღეს არც ეს აღმოჩნდა. ვინმეს უნდა წაეგო. როგორც უკვე ვთქვი, სტანმა უკეთესად ითამაშა.
სეზონი მხოლოდ ახლახანს დაიწყო. ასე რომ, ყურადღება მხოლოდ მომავალზე უნდა გადავიტანო“ – განუცხადა ჯოკოვიჩმა ტურნირს ოფიციალურ საიტს.
ცნობისთვის, ავსტალიის ღია პირველობის 1/2-ფინალში ვავრინკას მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება.
ალექსანდრე მატევოსოვი