სკანდალი ფუტსალში
როგორც გუშინ გაცნობეთ ფუტსალის სამყაროში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელმაც საბოლოო ჯამში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 8 კლუბი უმაღლეს ლიგას ბოიკოტს უცხადებს. კლუბების ხელმძღვანელები გუშინ შეიკრიბნენ, ითათბირეს და საერთო გადაწყვეტილების შესახებ “გრანდის” სპორტულმა დირექტორმა, გიორგი შანიძემ გვითხრა:
“21 იანვარს შევიკრიბეთ საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის წლევანდელი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები და გადავწყვიტეთ ჩემპიონატში ასპარესობის გაგრძელებაზე უარის თქმა. ვინაიდან ჩვენ ლეგიტიმურად მივიჩნევთ მხოლოდ ლევან ცქიტიშვილის პრეზიდენტობას. სანამ საბოლოოდ არ გამოსწორდება ეს უკანონობა ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ასევე ვთვლით, რომ კლუბის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ფუტსალის ასოციაციის მმართველი. ჩვენი უფლებების დასაცავად არცერთი კანონიერი მეთოდის გამოყენებას არ გამოვრიცხავთ. მივმართავთ სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს. აუცილებლად უნდა დავასრულოთ ეს უკანონობა.
ასევე ვაპროტესტებთ ჩვენი გვერდის ავლით ჩატარებულ უკანონო არჩევნებს, სადაც ყრილობის მონაწილე დელეგატთა იურიდიული სტატუსიც არ დასტურება. საქართველოს ჩემპიონატი არ უნდა იქცეს ვიღაცის კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებელ ტურნირად.
ამასთან ერთად ვაპროტესტებთ ყველაზე ღარიბი გუნდის “დიცის” მოხსნას ჩემპიონატიდან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას წარმოადგენს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”
შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების შედეგად ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტან “იბერიას” პრეზიდენტი, ვახტანგ წერეთელი აირჩიეს, თუმცა ფუტსალის სამყაროს დიდი ნაწილი ამ არჩენვებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.
ბოიკოტს ჩემპიონატს შემდეგი გუნდები უცხადებენ: “დიცი”, “სამცხეთი”, “აფენი”, “გრანდი”, “თელასი”, “არმაზი”, “ქვახვრელი” და “როდოპოლისი”. სულ კი უმაღლესში 9 გუნდი ასპარეზობს.