დუდა სანაძემ პორტლენდში გამარჯვებულ “სან დიეგოს” 8 ქულა მიაშველა
“სან დიეგო ტორეროსმა” სტუმრად “პორტლენდი” დაამარცხა. დუდა სანაძის გუნდმა საკმაოდ მძლავრ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 65:63 სძლია. ეს ის “პორტლენდია”, ლიდერ “გონზაგას” “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში ამ სეზონში ერთადერთი მარცხი რომ აწვნია.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სანდიეგოელებმა გამარჯვება დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთზე მეტი არ გაუტარებია. სანაძემ მთლიანობაში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა და მისი შედარებით მცირე ხნით თამაშის მიზეზიც ეს უნდა იყოს.
არადა, დუდამ შეტევაში შედეგიანობა გამოავლინა და ის 8 ქულა, რაც მთლიანობაშ მოაგროვა, 5 წუთის ინტერვალში მიითვალა. სანაძემ 3-დან 1 ოქრულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო ჯონი დი გახდა, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად, სამქულიანი არ ააცილა. დიმ 2 დღის წინ “გონზაგასთან” 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად კი პორტლენდელებს 4-დან 4 ჩაუგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა დაგროვდა, მეორე მექულე კი დენის კრამერი გახდა 15 ქულა-10 მოხსნით.
“სან დიეგო” ამ გამარჯვების შემდეგ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 30 იანვარს, სან დიეგოში, კონფერენციაში მეორე ადგილზე მყოფ “სეინთ მერისთან” ელის.
gbf.ge