“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი თერჯოლელებთან
2014 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ტრიბუნებზე თავი 300-ზე მეტმა ადგილობრივმა და თერჯოლელმა ქომაგმა მოიყარა. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გუნდს დღეს ომარ მიგინეიშვილი, ნაემეკა აჯურუ და გიორგი კუხიანიძე ვერ ეხმარებოდნენ.
მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მეზობლებთან შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა დააყენა: მეშველიანი (კუპატაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), თედორე გრიგალაშვილი (გურული, 46), ჭელიძე (ფერეირა, 46), ენდელაძე (გაგოშიძე, 46), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), მაკარიძე (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 46), დოლიძე (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ფანცულაია, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).
პირველივე წუთებიდან მოყოლებული შეხვედრა მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. 26-ე წუთზე თავის გუნდი თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. 36-ე წუთზე რევაზ გეწაძემ მეორედ აიღო თერჯოლელთა კარი, რასაც 38-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის მირე გატანილი კიდევ ერთი გოლი და 40-ეზე გრიგოლ დოლიძის ზუსტი დარტყმა მოყვა.
შესვენების შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ამ გარემოებას მასპინძელთა უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. 58-ე წუთზე მარგველთა უპირატესობა ხუთამდე გიორგი ფანცულაიამ გაზარდა; 60-ე და 68-ე წუთებზე კი ორი გოლი ნიკა საბანაძემ გაიტანა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-0.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური