ოვონიკოკო მალტაზე მიემგზავრება
31 იანვარს, 05.10 საათზე, თბილისი-მიუნხენი-ვალეტას რეისით, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ თავდამსხმელი აბაიომი სეუნ ოვონიკოკო მალტის დედაქალაქში ჩავა.
29 იანვარს, საფეხბურთო კლუბ „გაგრასა“ და „ვალეტას“ შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ოვონიკოკო „ვალეტაში“ მიმდინარე წლის 10 მაისამდე ითამაშებს. კუნძულელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ტრანსფერი შედგა.
დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ იტალიის საკონსულოს საქართველოში, რომელთაც სულ რაღაც 2 დღეში დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.
მალტელების თხოვნა იყო, რომ ფეხბურთელი რაც შეიძლება სწრაფად ჩასულიყო ლა ვალეტაში. საქმე ისაა, რომ გუნდის თავკაც, 51 წლის ინგლისელ სპეციალისტ მარკ მილერს ოვონიკოკოს გამოყენება უკვე 2 თებერვლის შეხვედრაში აქვს გადაწყვეტილი, როდესაც ერთმანეთის პირისპირ პირველ ადგილზე მყოფი „ბირკირკარა“ და მეორე ადგილოსანი „ვალეტა“ შეხვდებიან. ამ გუნდებს შორის 6 ქულიანი სხვაობაა.
ოვონიკოკო კუნძულზე პარასკევს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ცნობილი გახდება, თუ რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს „ვალეტას“ შემადგენლობაში.
fcgagra.ge