“ზესტაფონი” ბელეკში დაბინავდა
2014 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ბელეკში, სადაც გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადების მეორე ეტაპს გაივლის.
დილის 06:00 საათზე ავიაკომპანია “ატლას-ჯეტის” თვითმფრინავი, რომელშიც მარგველები და მათთან ერთად ბოლნისის საფეხბურთო კლუბი “სიონი” იმყოფებოდნენ, ასაფრენად იყო მზად, როდესაც თვითმფრინავი, რომელიც ასაფრენ ზოლზე სულ რამდენიმე წუთით ადრე შევიდა, მოცურდა და საფრენი ბილიკიდან გადავიდა. ამ ინციდენტის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განსახორციელებელი ერთბაშად ექვსი რეისი გადაიდო. თავისთავად, მათ რიცხვში ჩვენი გუნდის რეისიც აღმოჩნდა.
ბოლო-ბოლო ზესტაფონელები სტამბულშიც და შემდგომ ბელეკში კი ჩაფრინდნენ, თუმცა ეს 5-საათიანი დაგვიანებით მოხდა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღის განრიგი მთლიანად აირია. იმერელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მიიღო გადაწვეტილება დღეს გასამართი ვარჯიშის გაუქმების შესახებ. ფეხბურთელებს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მიეცათ. რაც შეეხება თურქული შეკრების პირველ ვარჯიშს, მისი გამართვის თარიღმა ხვალისთვის გადაიწია.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური