“ზესტაფონის” პირველი ვარჯიში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადების ფარგლებში თურქეთში გასამართი ეტაპის გავლას შეუდგა. დღეს დილით, სასტუმრო “სუსესი ლუქსური რეზორტის” კუთვნილი საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მინდორზე, გუნდმა მიმდინარე შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.
ზესტაფონელები საქმეს დილიდანვე შეუდგნენ – ზემოიმერელთა პირველი ვარჯიში 10:30-დან 12:00 საათამდე გაგრძელდა. თავდაპირველად გუნდი ფიზიკურად დაიტვირთა – ბიჭებს ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით ძალისა და სისწრაფის მაჩვენებლების განვითარება-გაუმჯობესებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსის შესრულება მოუხდათ.
ამის შემდეგ გურამ ასპინძელშვილისა და კახაბერ ჩხეტიანის დახმარებით გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ბურთითაც ამუშავა. ადგილობრივი დროით 16:30 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის, საღამოს კი ფეხბურთელებს აღდგენითი ღონისძიებები ელოდებათ.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან გამართული ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მისმდინარეობას ასახავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური