„დილამ“ ანტალიისკენ აიღო გეზი
გორის „დილამ“ განახლებული შემადგენლობით მომზადება 10 იანვარს დაიწყო. 22 იანვრიდან კი გორში გაიარა შეკრების პირველი ეტაპი.
3 თებერვალს გამთენიისას „დილა“ გეზს თურქეთისკენ, კერძოდ კი ანტალიისკენ აიღებს გეზს. გამგზავრებამდე რამდენიმე კითხვით მივმართეთ „დილას“ მთავარ მწვრთნელს – რამაზ სოღოლაშვილს.
როგორ შეაფასებდით მზადების პირველ ეტაპს?
„პირველმა ეტაპმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. შეკრება გორში გავიარეთ და იყო დღეში ორჯერადი ვარჯიშები. შეკრების ამ ეტაპზე მოხდა რამოდენიმე ფეხბურთელის გუნდში მოყვანა. მზადების ამ პერიოდში ჩავატარეთ სამი ტესტ-მატჩი „დილა 2“-თან იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც გუნდში სინჯებზე იყვნენ. ასევე ძირითადი გუნდით ერთი შეხვედრა ჩავატარეთ საჩხერის„ჩიხურასთან“.“
რამდენად კმაყოფილი ხართ ახალწვეულებით და თუ იგეგმება კიდევ ვინმეს დამატება?
„ყველა ახალწვეულით კმაყოფილი ვარ. მათი იმედი რომ არ გვქონოდა ისე კლუბში არ მოვიწვევდით. რაც შეეხება კიდევ ფეხბურთელების დამატებას, არის საუბარი ერთ-ორ ფეხბურთელზე, რომელთა ვინაობაც თურქულ შეკრებაზე გაირკვევა.“
რომელ რგოლში ფიქრობთ რომ „დილას“ ესაჭიროება გაძლიერება?
„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რგოლი თანაბრადაა დაკომპლექტებული, მაგრამ კონკურენციის მიზნით კიდევ არ გვაწყენდა გაძლიერება. ამ ეტაპზე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ იმყოფება სასურველ ფორმაში, ზოგს მიკრო ტრავმა აქვს, ზოგს კი ავადმყოფობის გამო გაუცდა გარკვეული პერიოდი. თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ფეხბურთელები სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან.“
რამდენად ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდებით თურქულ შეკრებაზე?
„თურქულ შეკრებაზე ოთხ სპარინგ-მატჩს გავმართავთ. ოთხივე მეტოქე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს.
5 თებერვალს რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ნევოდარს“ დავუპირისპირდებით.
7 თებერვალს მეორე სპარინგი რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ ორენბურგის „გაზოვიკთან“გვექნება, სადაც ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ არზიანი ირიცხება.
9 თებერვალს სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერს „მარიბორს“ დავუპირისპირდებით, ხოლო დასკვნით მატჩს 13 თებერვალს ბოსნიურ „სარაევოსთან“ გავმართავთ, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.“
და ბოლოს რას ეტყვით საკუთარ გულშემატკივრებს?
„გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის და ყურადღებისთვის, რასაც ისინი ჩვენი კლუბის მიმართ იჩენენ. ანტალიაში წასვლამდე ვგეგმავდით გულშემატკივართან შეხვედრას, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ ეს შეხვედრა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავმართოთ. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდებით იმ გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც გააგრძელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას, რაც სეზონის წინ გვქონდა დაგეგმილი.“
როგორც მოგახსენეთ, „დილა“ ანტალიაში გაემგზავრება და სასტუმრო „Miracle”-ში დაბინავდება, სადაც 11 დღეს დაჰყოფს.
თურქულ შეკრებაზე რამაზ სოღოლაშვილმა თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები: შეყრილაძე, ლეგაშვილი. მცველები: თომაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, ჯიშკარიანი, ქებურია, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, ქარქუზაშვილი. ნახევარმცველები: რაზმაძე, გურეშიძე, კოშკაძე, კორღალიძე, გოროზია, წიქარიძე, შენგელია, სადაღაშვილი, შალამბერიძე, ფოცხვერია, რაჟამაშვილი. თავდამსხმელები: კვარაცხელია, ბერიაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი.
ავადმყოფობის გამო კლუბს თურქულ შეკრებაზე ვერ მიჰყვება დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ხიზანეიშვილი.
რაც შეეხება მცველებს: ქებურია, გაფრინდაშვილი და აფხაზავა. ნახევარმცველი – შენგელია „დილა 2“-დან არიან, რომლებიც პირველ ლიგაში ასპარეზობენ.
„დილას“ პრესსამსახური