მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას ლუის არაგონესის სახელი დაერქმევა
მადრიდის მერმა ანა ბოტელიამ განაცხადა, რომ მერიის შემდეგ სხდომაზე მადრიდის ერთ-ერთი ქუჩის, ლუის არაგონესის სახელის დარქმევას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, რომლის მწვრთნელობის დროსაც “ფურია როხამ” 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, პირველ თებერვალს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სავარაუდოდ არაგონესის სახელი სტადიონ “ლა პეინეტას” მიმდებარე ქუჩას დაერქმევა. აღნიშნული არენა, რეკონსტრუქციის შემდეგ მადრიდის “ატლეტიკოს” საშინაო ასპარეზად იქცევა.
“ლუის არაგონესი შესანიშნავი სპორტსმენი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ესპანურ სპორტში” – განაცხადა ბოტელიამ.
არაგონესი ფეხბურთელობის დროს მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას 1964-1974 წლებში იცავდა და 372 ჩატარებულ შეხვედრაში 172 გოლის გატანა მოახერხა. ხოლო მწვრთნელის ამპლუაში, არაგონესმა “ატლეტიკოსთან” ერთად ესპენეთის ჩემპიონატი 1977 წელს მოიგო.