სახელმწიფო ქეცბაიას ხელფასს აღარ გადაიხდის
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. სპორტისა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქეცბაიას ანაზღაურებას საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია აიღებს. ის თანხა კი, რომელსაც სამინისტრო ქეცაიბას ხელფასზე ხარჯავდა, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებზე გადანაწილდება.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სპორტის სამინისტრომ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული წერილით დაადასტურა. თუმცა წერილში აღინიშნება, რომ ის სფფ-ში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა, რასაც ფეხბურთის ფედერაცია დღეს გავრცელებულ განმარტებაში უარყოფს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქეცბაიას კონტრაქტის სახელფასო პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, სფფ-მ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა.
თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს.