ბენიტესი: „ჩვენი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა“
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის სასეზონო მიზნების შესახებ ისაუბრა. ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტის თქმით, ნეაპოლელთა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩვენი პრიორიტეტია, თუმცა რაიმე ტიტულის მოგებაზეც უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნა რაფა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს XXII ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტასთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა.
„მარცხის მიზეზები და შედეგი მთავარი საკითხებია. წარუმატებლობა ჩვენი მხრიდან ძალისხმევის ნაკლებობამ გამოიწვია. იტალიის ჩემპიონატი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა თასის გათამაშების ნახევარფინალში გავაღწიეთ და ფინალში თამაშსაც ვაპირებთ“, – ბენიტესის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
გეტყვით იმასაც, რომ იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ნაპოლის“ მეტოქედ „რომა“ ელის. დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და პირველი შეხვედრა რომში, 5 თებერვალს შედგება.
ბექა დოგრაშვილი