სუარესი: „არსენალი“ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ შედგება, სადაც „ლივერპული“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელი და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესი აცხადებს, რომ „მეთოფეების“ შესაძლო დამარცხება „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილის საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკავების შანსს მნიშვნელოვნად გაუზრდის.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ენფილდროუდელებს“ 47 ქულით მეოთხე ადგილი აქვთ დაკავებული და ლიდერ „არსენალს“ რვა ქულით ჩამორჩებიან.
სუარესის თქმით, დამდეგი მატჩი მნიშვნელოვნად იმოქმედებს კლუბის სასეზონო მიზნებზე.
„არსენალი“ გათამაშების ლიდერია და მისი შესაძლო დამარცხება ჩვენს წინ მდგარ გუნდებთან ქულათა სხვაობის შემცირების საშუალებას მოგვცემს. ეს ძალას შეგვმატებს და მორალურადაც უფრო გავძლიერდებით.
„ემირეითსზე“ მათი დამარცხება ვერ შევძელით (0:2), ამიტომ დამდეგ მატჩში ჩვენი მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვება გახლავთ. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენ საუკეთესო ოთხეულში ადგილი უნდა გავინაღდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უშუალო კონკურენტთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – სუარესის სიტყვები ბრიტანულმა „მირორმა“ გამოაქვეყნა.
მატჩი „ლივერპულსა“ და „არსენალს“ შორის 8 თებერვალს, ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი