არტეტა: „პირველი ტაიმის შემდეგ ვენგერი ყველაფერს ამტვრევდა“
ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ „ლივერპულთან“ ანგარიშით 5:1 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩვენ სამი დღე გვაქვს, რათა შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავოთ. პირველ ადგილზე დაბრუნება შეგვიძლია, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. მე-20 წუთისთვის ორი გოლი გავუშვით, რაც კატასტროფის ტოლფასი იყო.
პირველი ტაიმის შემდეგ არსენ ვენგერი განრისხებული იყო. ეს ნორმალურია, რადგან აღნიშნულ მატჩში საშინლად ვთამაშობდით. ვენგერი ყველაფერს ამტრევდა, ასეთ მდგომარეობაში იგი არასდროს მინახავს.
დიდი კლუბებისგან ორი ასეთი მარცხი უკვე განვიცადეთ. ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა ამ თამაშისგან განსხვავდებოდა, თუმცა ცუდად „სიტისთან“ მატჩშიც ვითამაშეთ“, – განაცხადა ესპანელმა შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ წაგების შედეგად, „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი დაკარგა. ამჟამად „მეთოფეები“ 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსან „ჩელსის“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი