ვენგერი ბალოტელის აგენტს შეხვდა
რამდენიმე დღის წინათ გაუწყებდით, რომ ლონდონის „არსენალმა“ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დაისახა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„არსენალი“ მზად არის, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღოს.
Sport Mediaset- ის ცნობით, „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უკვე შეხვდა ბალოტელის აგენტ მინო რაიოლას და შესაძლო ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა ახალი ტექნიკური სპონსორი კომპანია „პუმა“ მზად არის, რომ აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაში „არსენალს“ დაეხმაროს. აქვე გეტყვით, რომ ბალოტელის „პუმასთან“ პირადი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
შეგახსენებთ, იტალიელ ფეხბურთელს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს: 2010-დან 2013 წლამდე „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.
ბექა დოგრაშვილი