ვენგერი ვან პერსის აგენტს შეხვდა
ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი გვაუწყებს, რომ ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის აგენტს შეხვდა. პალმერი იტყობინება, რომ აღნიშნული შეხვედრა 28 იანვარს შედგა, მთავარი განსახილველი თემა კი ვან პერსის „არსენალში“ დაბრუნება იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი ფორვარდის ლონდონში დაბრუნების წინააღმდეგი არც „მანჩესტერ იუნაიტედია“.
შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი „არსენალის“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის გამო ჩრდილოლონდონური გუნდის ბევრმა ქომაგმა ჰოლანდიელი თავდამსხმელი მოიძულა და საკითხავია, ვან პერსის „ემირეითსზე“ დაბრუნების შემთხვევაში, როგორ შეხვდებიან მას „არსენალის“ გულშემატკივრები.
ბექა დოგრაშვილი