“ტორპედო” – “სამგურალი” 3:1
დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზას იმერეთის რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები ესტუმრნენ. ესენი იყვნენ: ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი – შოთა მურღულია, საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე – ლევან კირკიტაძე, იმერეთის გუბერნატორი – ზაზა მეფარიშვილი, ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი – დავით უშხვანი, რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – სოსო ხახალეიშვილი. შეხვედრები შედგა როგორც ჩვენი კლუბის ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, ასევე გულშემატკივრებთანაც.
გუბერნია და მერია ბოლომდე მზადაა „ტორპედოს“ ერთგულად უპატრონოს, სანაცვლოდ კი გუნდს საქმისადმი მაქსიმალური მონდომება სთხოვეს და დასძინეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც ჩატარდება, რათა უშუალოდ მოხდეს ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მათი ახალი წინადადებების გაცნობა-დაკმაყოფილება.
დღესვე, „ტორპედო“ ბაზის ბუნებრივ მინდორზე პირველლიგელ წყალტუბოს „სამგურალს“(მწვრთნელი – გიორგი გოგიაშვილი) გაეჯიბრა ამხანაგურად და მეორე ტაიმში გატანილი გოლებით ანგარიშით 3:1 დაამარცხა მეტოქე. თორნიკე ჩადუნელის ახლო მანძილიდან გატანილ თავურ გოლს სტუმრებმა ონისე ჩინჩალაძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მალევე კი ოთხწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ, რომელმაც ჯერ მახვილი კუთხიდან ჭკვიანური დარტყმით მიაღწია მიზანს, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა.
გუნდების შემადგენლობები -http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=229
მომდევნო სპარინგ-მატჩს რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები ხვალ გამართავენ. „ტორპედოს“ ბაზას ამჯერად საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ ეწვევა. თამაში 15:30 საათზე დაიწყება.
FCTorpedo.GE