თურქული შეკრების დასკვნითი სპარინგი
2014 წლის 16 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თურქული შეკრების დასკვნითი, რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – საქართველოს ორგზის ჩემპიონი იმერლების მეტოქე მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ჰორიზონტ ტურნოვო” გახლდათ.
მაკედონიურ-ქართული დაპირისპირება, რომელსაც სასტუმრო “სუსესის” საფეხბურთო კომპლექსმა უმასპინძლა, ადგილობრივი დროით 13:00 (თბილისის დროით – 15:00) საათზე დაიწყო. მაკედონიური გუნდი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი გოჩე სედლოსკი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ. საინტერესოა, რომ “ტურნოვოს” რიგებში ბულგარელი და სერბი ლეგიონერები ასპარეზობენ.
მარგველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კუპატაძე, თორ. გრიგალაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე (ღონღაძე, 81), აჯურუ (ჭანტურიშვილი, 71), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, კაკუშაძე (მაკარიძე, 46), ფანცულაია (ტატანაშვილი, 81), კაპანაძე.
იმის მიუხედავად, რომ ზესტაფონელებმა მაკედონიელებთან შეხვედრაში, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზეს, საწყისი 45 წუთი სწორედ მათი უპირობო უპირატესობით წარიმართა. იმერლები ბურთს და ტერიტორიას სრულად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. უკვე 7-ე წუთზე ანგარიშის გახსნა თორნიკე კაპანაძეს შეეძლო, მაგრამ მისი ახლო დისტანციიდან ძლიერად დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
მალევე თორნიკე კაპანაძემ და ოდნავ მოგვიანებით ავთო ენდელაძემ კარის დალაშქვრა შორეული დარტყმებით სცადეს, თმცა ორივე ეპიზოდში “ტურნოვოს” გოლკიპერმა საიმედოდ ითამაშა. ტაიმის ბოლოს მიზანთან ახლოს იყვნენ გიორგი ჭანკოტაძე და გიორგი ფანცულაია, თუმცა აქაც მეკარის თამაშია გამოსარჩევი, ორივე ამ ეპიზოდში იმერლებმა მხოლოდ კუთხურის ჩაწოდების უფლება გამოიმუშავეს.
მეორე ტაიმის დებიუტში (50-ე წუთი) ზესტაფონელები მაინც დაწინაურდნენ – პარტნიორებმა მეკარესთან პირისპირ დატოვეს გიორგი ფანცულაია და მან ანგარიში გახსნა. კიდევ 3 წუთში კი იმერლებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა გიორგი მაკარიძის დარტყმა მეკარე ატანას იოვანოვმა მოიგერია.
59-ე წუთზე პენალტი უკვე “ზესტაფონის” კარში დაინიშნა და ბოიან მლადენოვმა ანგარიში გაათანაბრა. ამას მაკედონიელთა გააქტიურება და დავით კუპატაძის კარში გატანილი კიდევ ორი გოლი მოჰყვა, დუბლი თურნოვოს” ფარვარდის საშკო პანდევის ანგარიშზეა 1-3.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური