„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.
განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)
„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).
ბექა დოგრაშვილი