ვენგერი: „ფავორიტი „ბაიერნია“, თუმცა „არსენალი“ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია“
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი შედგება. დიდ ინტერესს იწვევს ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის „ემირეითსზე“ გასამართი შეხვედრა. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ ფავორიტი „ბაიერნია“, თუმცა „არსენალი“ საკუთარ თავში დარწმუნებულია.
„გვესმის, რომ ტურნირის ფავორიტს ვხვდებით, თუმცა ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ. ჩემპიონთა ლიგაზეც და ინგლისის თასზეც სერიოზული მეტოქეები გვყავს. სეზონის სტარტზევე ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში ასი პროცენტით დახარჯვაა საჭირო.
საკუთარი თავის გვჯერა, ყველაფერი ჩვენი თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ერთი იდეა და წარმატების სურვილი გვაერთიანებს. ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა ხანდახან საკუთარი თავის რწმენა გვაკლდა, რაც საბოლოო შედეგზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ახლა, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერები ვართ.
არის თუ არა „ბაიერნი“ ფავორიტი? ეს გუნდი თითოეულ მატჩს გამარჯვებით ასრულებს, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. ასე რომ, „ბაიერნი“ ფავორიტია“, – ვენგერის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
მატჩი „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.
ბექა დოგრაშვილი