ერიკ თოჰირი: „ვიდიჩის „ინტერში“ ტრანსფერი 90 პროცენტით განხორციელებულია“
მილანის „ინტერის“ პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი კარიერას „მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბ მცველს სეზონის ბოლოს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ეწურება. ფეხბურთელმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.
„რაც შეეხება ვიდიჩს, ტრანსფერი 90 პროცენტით განხორციელებულია. როდესაც ყველაფერი გადაწყდება, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა თოჰირმა.
ინდონეზიელმა ბიზნესმენმა „ინტერის“ ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ. გუნდი კარგ ფორმაშია, კარგად დაბალანსებული და შეკრულია. ვალტერ სამუელის წყალობით დაცვის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდა. კარგი დროება გვიდგას, მაგრამ ფეხბურთელებზე ზეწოლის განხორციელებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, დამდეგ შეხვედრებში კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ერნანესის შეძენამდე შეტევის მხოლოდ ერთი ვარიანტი გვქონდა, ახლა უკვე ცენტრიდან შეტევაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თოჰირმა.
ბექა დოგრაშვილი