„დილამ“ ახალწვეულები წარადგინა
როგორც რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, დღეს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა თურქული შეკრება შეაფასა და ახალწვეული ფეხბურთელები წარუდგინა იქ მყოფ მასმედიის წარმომადგენლებს.
შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა რომელსაც აქვე გთავაზობთ
პირველ რიგში თურქული შეკრება რამდენად ნაყოფიერი იყო, იქ ჩატარებული თამაშებს როგორ შეაფასებდით.
„პირველ რიგში ყველას მადლობა მობრძანებისთვის. თურქულ შეკრებას რაც შეეხება, ვფიქრობ ნაყოფიერად გავიარეთ და იმ დროში რაც გვქონდა გუნდი ნორმალურად მოემზადა. რაც შეეხება თამაშებს, იყო ისეთ გუნდებთან დაგეგმილი, სადაც უნდა დაგვენახა და გამოგვესწორებინა გუნდში არსებული სუსტი მხარეები და უნდა გვენახე ის კარგი მხარე რაც მუშაობის შედეგად იყო მიღებული და არ ავირჩიეთ ისეთი მეტოქეები, სადაც ჩვენ უპირატესობა გვექნებოდა, ვინაიდან ჩვენ თუ გვაქვს მიზანი რომ ვითამაშოთ უეფას ტურნირზე, უფრო მეტად გვაინტერესებს ისეთი გუნდები, რომლებიც სხვა ჩემპიონატებიდან მიაღწევენ საკვალიფიკაციო ეტაპებს და მათთან მოგვიწევს შეხვედრა. ამიტომ რომ შეგვერჩია ისეთი კლუბები, სადაც გამარჯვებას ადვილად მივაღწევდით არ წაადგებოდა ჩვენს განვითარებას.
რაც შეეხება თამაშების შედეგებს, რათქმაუნდა, ყველას უხარია და უნდა მოგება, მაგრამ ეს მარცხები ტრაგედია არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ იქ ყველა ფეხბურთელი გამოვცადეთ თითქმის ყველა თამაშზე და ვფიქრობ, თვითონ ეს შეკრების პროცესი არ არის მოგება წაგებაზე, იქ ყველა გუნდი ჩადის იმისთვის რომ მოემზადოს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და უარყოფით-დადებითი მხარეები. მთავარია ჩვენ დავინახეთ გასაკეთებელი რა არის, ფეხბურთელებმაც იციან თუ გავედით უეფას ტურნირზე დაახლოებით რა ძალებთან მოგვიწევს შერკინება.
მაინც არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მანამდე ჩემპიონატია ჩასამთავრებელი, სადაც სატურნირო მდგომარეობა დაძაბულია და ყველამ ვიცით რომ არცერთ გუნდს ვინც ზედა ექვსეულშია იოლი გასეირნება არ ექნება და ყველა გუნდს აქვს შანსი იმ ზონაში მოსახვედრად, რომელიც ევროპაზე გადის. ასე რომ ძალზედ რთული გზა არის გასავლელი და ის კონტიგენტი რაც გუნდში გვყავს, ვფიქრობ მზად არიან ამ მიზნის მისაღწევად.“
ამ ეტაპზე ალბათ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეთამაშებაა. ანტალიური შეკრებიდან გამომდოინარე როგორ მოახერხა გუნდმა შეთამაშების მიღწევა, რა დონემდეა მისული ეს ყველაფერი?
„დაახლოებით გუნდიდან წავიდა 15 ფეხბურთელი, აქედან 10-11 ფეხბურთელი წარმოადგენდა გუნდის ძირითად ბირთვს და დაახლოებით ამდენივე მოთამაშე დავიმატეთ. გეტყვით, რომ პირველი გუნდური ვარჯიში ჩავატარეთ 23 იანვარს. ერთი თვეც არ არის გასული, ამიტომ ვფიქრობ რა დონის შეკრებაც არ უნდა გაიაროს გუნდმა არ არის საკმარისი. სასტარტო შემადგენლობაში დაახლოებით 2-3 ფეხბურთელია რომელიც ძველი გუნდიდან დარჩა, რაც ძალიან გვირთულებს საქმეს. აქ არის სულ სხვა სამუშაო ჩასატარებელი და ჩვენ ყველანი ვეცდებით რომ მაქსიმალურად გამოვასწოროთ გუნდში არსებული პრობლემები. გეტყვით, რომ შეთამაშების პრობლემა ნამდვილად არის, ეს ჩატარებულ შეხვედრებზეც გამოჩნდა და ყოველდღე მიდის ამ მხრივ მუშაობა და ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება.“
მარცვალაძეზე მინდა გკითხოთ. მისი საკითხი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო რომ რჩებოდა, თუ უბრალოდ ვარჯიშობდა და სხვა გუნდში აპირებდა წასვლას?
„გეტყვით როგორც იყო. მარცვალაძე ჩვენ თურქულ შეკრებაზე შემოგვიერთდა და თუ არ გამოუჩნდებოდა რომელიმე მსურველი კლუბი მაისამდე ჩვენთან დარჩებოდა, მაგრამ გამოუჩნდა და წავიდა.
მე მინდა ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც დატოვა გორის „დილა“ წარმატება ვუსურვო ახალ კლუბებში და ასევე ამ ახალწვეულებს მინდა წარმატება ვუსურვო. რისი საშუალებაც გვქონდა ის მოთამაშეები დავიმატეთ და მჯერა, რომ ყველა ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ასევე მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დღითიდღე ვითარდებიან და მათი რიცხვიც ნელ-ნელ იზრდება.“
,,დილაში” ახალწვეულები შემდეგი ნომრებით ითამაშებენ: ვახტანგ კვარაცხელია (№11), სერგი ორბელაძე (№15), ლევან კორღალიძე (№2), გიორგი ბერიაშვილი (№9), გურამ გურეშიძე (№47), ლუკა რაზმაძე (№7), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (№5), კობა შალამბერიძე (№13), ალექსანდრე კოშკაძე (№22), დავით რაჟამაშვილი (№10), გივი ქარქუზაშვილი (№19), თენგო წიქარიძე (№8), ნოდარ ნოზაძე (№6).
შეგახსენებთ, რომ ხვალ 14:00 საათზე ქუთაისში გაიმართება დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი „ტორპედოსა“ და „დილას“ შორის.
„დილას“ პრესსამსახური