ერიკ თოჰირი: „ჩვენ ძანეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“
ორიოდე დღის წინათ გაუწყებდით, რომ ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თავის გუნდში მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელის, ხავიერ ძანეტის ხილვა მოუნდა. პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილს „ნერიაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე ისე წარიმართება, როგორც თავად ძანეტის მოესურვება.
„ძანეტი ჩვენი გუნდის ლეგენდაა, ჩვენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უახლოეს თვეებში განვიხილავთ, გააგრძელებს ის კარიერას თუ კლუბის დირექტორი გახდება“, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Goal.com-ი.
ძანეტიმ, რომელმაც 2010 წელს მოურინიოს თავკაცობით ერთბაშად სამი ტიტული მოიგო, აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან ამ დრომდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
„მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვსაუბრობს, მაგრამ ამ თემაზე არასდროს არ გვილაპარაკია. მჯერა, „ინტერის“ ქომაგებმა იციან, რას ვგრძნობ ჩვენი კლუბის მიმართ. ჩემი თავისთვის ხშირად მითქვამს, რომ „ინტერი“ ჩემი ცხოვრებაა… მინდა, რომ აქ დავრჩე. მეტი არც არაფერია სათქმელი.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ვარ, ერთი ურყევი პოზიცია მაქვს: ორი შესაძლებლობაა – ან უნდა ითამაშო სასტარტო შემადგენლობაში, ან შეცვლაზე შეხვიდე. შესაძლებლობა მაქვს, გუნდს სარგებლობა კიდევ მოვუტანო, თუმცა ვფიქრობ, ისედაც ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.
ბექა დოგრაშვილი